ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი, გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი, - ამის შესახებ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობა კიდევ ერთი ტრაგედიაა.
„საქართველოს ტერიტორიების უსამართლო ოკუპაციას არა ერთი ასეთი ტრაგედია მოჰყვა. ასეთი ვაჟკაცი ადამიანები მას ასე იოლად ვერ აიტანენ. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთები. ბევრი გვყავს. ჩვენ ვერ გავუფრთხილდით ასეთ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი, გულანთებული ადამიანიდან, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე“, - განაცხადა დეკანოზმა.
თამაზ გინტური 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა გუშინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.