მინდა, თანავუგრძნო ჩვენი თანამოქალაქის ოჯახს, ეს არის უმძიმესი ხვედრი ოკუპაციის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემკვიდრეობით დაგვიტოვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის მოცემულობა, რომელთან გამკლავებაც ქართულ მხარეს ყოველწუთიერ რეჟიმში უწევს გამკლავება.
„დანაშაული, რომელიც იქნა ჩადენილი საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებისთვის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ამ კუთხით დამნაშავეები უნდა იყონ გამოვლენილი და დასჯილი. მიხარია, რომ გათავისუფლდა საქართველოს მეორე მოქალაქე, რომელიც იყო გატაცებული. ამ ყველაფრით პოლიტიკური ქულების დაწერა, რაც დამახასიათებელი რადიკალური ოპოზიციისთვის, ნამდვილად არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა ამ უმძიმესი ტრაგედიიდან სურთ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოწურონ ყოველივე „დადებითი“. ტრაგედიით მანიპულირებას აქვს ადგილი და ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.