საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ქრონიკის“ ეთერში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არა ევროინტეგრაციისთვის, არამედ ხელისუფლების ცვლილებისთვის სჭირდება.
„ვის შეუძლია იმის თქმა, 2024 წლის არჩევნებზე კონკრეტულად რა შედეგი დაიდება? ამის თქმა მხოლოდ ჩვენ მოსახლეობას შეუძლია, რომელიც ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას და ძალიან კარგად ჩანს დღევანდელი მოცემულობითაც, რომ თითქმის ყოველი მეორე არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოების უდიდესი ნაწილის მანდატით შეიარაღებული ხელისუფლება 20 თვეა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მოხდა ამის პროგნოზირება და მაღალი ალბათობით დადასტურდება ზუსტად 1 თვეში. ოპოზიციამ, რადიკალებმა, მათ შორის ქვეყნის ფორმალურმა პრეზიდენტმაც ალბათ საკუთარი აზრების პროგნოზების გამოთქმის დროს მეტად უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რამდენად ამჟღავნებენ საკუთარ მიკერძოებას. ქართულმა საზოგადოებამ იცის ვის უჭერს მხარს და ეს წინა არჩევნებზეც დადასტურდა. 2024 წლის არჩევნებიც იქნება ის არჩევნები, რომელიც ხმამაღლა იტყვის „ქართული ოცნების“ საქმეს, პოლიტიკას და ყველაფერს როგორ აფასებს ჩვენი საზოგადოება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.