არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია საქართველოს უყენებს პირობას, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თანამოქალაქისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი პირის შესახებ რეაგირება მოახდინოს - მათ რეზოლუციაში მანიპულაციური ტექსტია

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია საქართველოს უყენებს პირობას, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თანამოქალაქისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი პირის შესახებ რეაგირება მოახდინოს - მათ რეზოლუციაში მანიპულაციური ტექსტია

რეზოლუციაში არის მანიპულაციური ტექსტი, თითქოს საქართველო აქამდე არაფერს აკეთებდა ოკუპაციის წინააღმდეგ და იმ უმძიმეს შემაშფოთებელ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელიც მოხდა ამ წლების განმავლობაში, - ამის პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების სახელები შეიყვანოს.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და გატაცებაზე, ხელისუფლებისთვის რეაგირების მოთხოვნა მანიპულაციურია.

„რეზოლუციის ტექსტი იმგვარად არის შედგენილი, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს, ანუ თავის სახელმწიფოს, ვის პოლიტიკასაც ისინი წარმოადგენენ, სთხოვს და უყენებს პირობას, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თანამოქალაქის და გატაცებული, უკანონო ტყვეობაში მყოფი მოქალაქის შესახებ მოახდინოს რეაგირება. საკუთარ ქვეყანას სთხოვენ რეაგირება დაიწყეთო. ეს არის მანიპულაციური ტექსტი, თითქოს საქართველო აქამდე არაფერს აკეთებდა ოკუპაციის წინააღმდეგ და იმ უმძიმეს შემაშფოთებელ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელიც მოხდა ამ წლების განმავლობაში. ამ რეზოლუციას აინიცირებს ხალხი, რომელმაც თავის მოსახლეობა ომის დროს დატოვა ომის ზონაში ევაკუაციის გარეშე, ის ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოიქცა ბრძოლის ველიდან და იქ დატოვეს ჯარისკაცები, ადამიანები, რომლებმაც თანამედროვე შეიარაღება ჩააბარეს რუსეთს ომის დროს, ამის მერე გაიხსნეს საზღვრები რუსეთს, ჩააბარეს ენერგეტიკული და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეონა აქუბარდიამ და თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ბრიფინგი გამართეს, სადაც თქვეს, რომ მათ შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელსაც აქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა და მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების სახელები. ასევე რეზოლუციით, ისინი მოუწოდებენ მთავრობას, რომ ოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა მიიღოს იმისთვის, რომ საქართველომ დეოკუპაციის და მშვიდობის პოლიტიკა გაატაროს.