ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი და მათთან უნისონში მყოფი ზოგიერთი „ენჯეო“ საქართველოში ერთად ცდილობენ, რომ ყალბი დილემა დააყენონ, თითქოს დილემა დგას ასე - ან აწესებ სანქციებს და მიდიხარ ევროპისკენ, ან არ აწესებ და ვერ მიდიხარ ევროპისკენ. ასეთ ტოლობა ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის ნაწილიც არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი განმარტებით, არც ერთ შეხვედრაზე, რომელიც მას ჰქონდა ევროკავშირში, ნატოში, არასად დამდგარა მოთხოვნა, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს, პირიქით, ყველას ესმის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება.
„ქალბატონმა კალიურანდმა აღწერა კიდეც, ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი, რომ ერთი მხრივ, ის აღწერს ოკუპაციის სიმძიმეს, ის, რომ სულ ახლახან ჩვენ მოქალაქე მოგვიკლეს, გაიტაცეს და იქვე აგრძელებს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ უნდა გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, თუ გვინდა ევროპა. ასეთი ტოლობის დასმა და ასეთი პირობების დაყენება არ ვიცი რაში ჯდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი და მათთან უნისონში მყოფი ზოგიერთი „ენჯეო“ საქართველოში ერთად ცდილობენ კვლავ იმავეს, რასაც ისინი წელიწად-ნახევარია ცდილობენ, რომ ყალბი დილემა დააყენონ. თითქოს დილემა დგას ასე, რომ ან აწესებ სანქციებს და მიდიხარ ევროპისკენ, ან არ აწესებ და ვერ მიდიხარ ევროპისკენ. ასეთ ტოლობა ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის ნაწილიც არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა. არ გასულა ცოტა ხანი და ვხედავთ, რომ რამდენიმე „ენჯეოს“, ოპოზიციის წარმომადგენელი და მათი მოკავშირეები საზღვარგარეთ ზუსტად ამ დეზინფორმაციას ცდილობენ. თითქოს ევროპა გულისხმობს მოქალაქეების სიცოცხლის გარისკვას, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო კონფლიქტის რისკში შესვლას და ეკონომიკური კეთილდღეობის გარისკვას. პირიქით, ევროპა, ეს არის მშვიდობისა და სოლიდარობის პროექტი და სამწუხაროდ, ასეთი განცხადებებით ხდება ისეთი აზრის დამკვიდრების მცდელობა, რომ ეს არის თითქოს შფოთის, არევისა და ომის და ა.შ. პროექტი. მოვუწოდებ მათ, გაემიჯნონ ასეთ დეზინფორმაციას და არ გაავრცელონ ანტიევროპული განცხადებები“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.