Camel - ზომიერება, უბრალოება, სისადავე და კიდევ... ლამაზი ფლეიტა

Camel - ზომიერება, უბრალოება, სისადავე და კიდევ... ლამაზი ფლეიტა

თუკი დღევანდელი დღის ბრიტანულ მუსიკალურ პრესას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ პროგრესივ როკის მოყვარულები დიდ მოლოდინში არიან. ენდრიუ ლატიმერი სცენას უბრუნდება და თავის Camel-თან ერთად, 37 წლის წინანდელისა არ იყოს, 19 ოქტომბრიდან დაწყებული, მთელი ნოემბრის თვის განმავლობაში ინგლისის, ჰოლანდიისა და გერმანიის ქალაქების დარბაზების დალაშქვრას, ალბომ The Snow Goose-ს სრულად შესრულებით აპირებს...

მოლოდინი განსაკუთრებულია, რადგან შესანიშნავ მუსიკოსს სისხლის მწვავე დაავადება ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაუდგინეს, ქიმიოთერაპიის კურსებს კი დადებითი შედეგები მოაქვს და Camel-ის 2003 წლის ჯერჯერობით უკანასკნელ  სტუდიურ ალბომს, შეიძლება ახალი ნამუშევარიც მოჰყვეს, რაც ენდრიუ ლატიმერის შემოქმედების მოყვარულთ მუსიკოსის ხელახალ აღზევებაზე და 1999 წლის ალბომ  Rajaz-ის ეგზოტიკური კურსის გაგრძელებაზე აფიქრებინებს.

დაახლოებით 40 წლის წინათ კი, როდესაც Camel მუსიკალურ შარაზე გავიდა გამორჩეულად მელოდიური, ლამაზი და სასიამოვნო ჟღერადობით, მაგრამ იმავდროულად შოუ ბიზნესის მოთხოვნებთან დამოკიდებულებაში საკმაოდ უკომპრომისოდ, ძირითადი პროგრესივ როკ იდეები ბრიტანეთში უკვე რამდენიმე  წლის ნაკარნახევი იყო.

ერთის მხრივ ძნელი იყო ამ ბაზარზე დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი Genesis-ისა თუ  Yes-ის გაშიფრული იდეების ფონზე, შესაძლებელი იყო რაღაც ახლის და შედარებით მარტივის შექმნა, რაც როგორც ექსპერიმენტული მუსიკის პრეტენზიული მსმენელის გემოვნებას დააკმაყოფილებდა, ასევე ჰარდ როკით გადაღლილ მსმენელთა სპექტრს მოიცავდა ზომიერი სიმძიმითა და გემოვნებიანი სოლოებით.

სათქმელად ადვილია, მაგრამ ასეთი ოქროს შუალედის პოვნა, ალბათ მხოლოდ რჩეულ მუსიკოსთა ხვედრი თუ იქნებოდა, რომელთა რიცხვსაც განეკუთვნება გიტარისტი და მომღერალი ენდრიუ ლატიმერი Camel-ის თავდაპირველ შემადგენლობაში მყოფ პიანისტ პიტი ბარდენთან, ბას გიტარისტ დაგ ფერგიუსონთან და დრამერ ენდი უორდთან ერთად.

განსაკუთრებული ვირტუოზობით არცერთი მათგანი არ გამოირჩეოდა, მაგრამ შინაგანი ინტელექტი და ხალხური და კლასიკური მუსიკის ზედმიწევნით ცოდნა, ჯგუფს სადებიუტო ალბომშივე დაეხმარა ახალი ხელწერის წარმოჩენაში, რასაც მომავალში ამ ალბომიდან უმთავრეს ნიშნად პიტი ბარდენსის ნამღერი Never Let Go უნდა დაეტოვებინა...

1974 წლის ალბომმა Mirage კი უმნიშვნელოვანესი კომპოზიცია Lady Fantasy განასახიერა. უმძლავრესი საორგანო პასაჟებით დახუნძლულ ნაწარმოებს ენდრიუ ლატიმერი ჰარდ როკული გიტარ სვლებით ხსნის, მისსავე შესრულებულ უმშვენიერეს ვოკალის პარტიას კი კომპოზიციის მეორე ნაწილში ხანგრძლივი „რენესანსული“ გიტარ სოლო მოჰყვება. მესამე - ფინალურ ნაწილში Lady Fantasy-დმი ორ ხმაში ნამღერ ოდას ლატიმერისა და ბარდენსის ხელახალი ინსტრუმენტული გაფრენა სდევს, ბოლოს კი კვლავ საწყისი მოტივი, ანუ ალბომის დამაგვირგვინებელი „იყო და არა იყო რა“ გიტარაზე...

მწვერვალზე კი ლატიმერის კოლექტივი უკვე მომდევნო ალბომმა The Snow Goose აიყვანა. სწორედ ამ ნამუშევარმა წარმოაჩინა ათწლეულების განმავლობაში Camel-ის საკონცერტო სპექტრის უმთავრესი შემადგენელი კომპოზიციები: Rhayader, Rhayader Goes to Town, The Snow Goose, Dunkirk, Fritha Alone, La Princesse Perdue... შუა საუკუნეების ევროპა, კომპოზიციური სიმწიფე, უბრალოება, სისადავე, მელოდიურობა, ლამაზი ფლეიტა... აი ყველაფერი ის, რაც ახასიათებს იმავდროულად ამ უაღრესად როკულ ნამუშევარს!

1976 წლის ალბომმა Moonmadness პიტი ბარდენსის კომპოზიციური ტალანტი წყლის ენაზე Spirit Of The Water-ში აამეტყველა. თუკი ალბომის პირველი გვერდის დამაბოლოვებელი, ეს ორწუთიანი ბრილიანტია, მეორე გვერდის დამაგვირგვინებელი აკორდი Lunar Sea  უკვე ლატიმერისა და ბარდენსის კოსმიური ზღვის ფანტაზიაში შთანთქავს მსმენელს, მომავალში თურმე ფიუჟენზე დაფუძნებული ულამაზესი საკონცერტო იმპროვიზაციებით რომ უნდა გალამაზებულიყო.

ფიუჟენის ეპოქამ დაატყო თავისი კვალი ენდრიუ ლატიმერის ჯგუფს და 1977 წელს Camel -მა ალბომებით Rain Dances და Breathless როკ მუსიკის მსმენელი სამუდამოდ აალაპარაკა ჯგუფში დიდი ბას გიტარისტის - კენტერბერის სცენის წარმომადგენელ რიჩარდ სინკლერის მოსვლის ავკარგიანობაზე. მასთან ერთად ჯგუფში King Crimson-ის და სხვათა საქსოფონისტი მელ კოლინზიც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის რეპერტუარი ნამდვილად შთამბეჭდავია და განსაკუთრებით ეფექტურად  კონცერტზე ჟღერს, Caravan-ისა და Hatfield And The North-ის ვოკალისტმა და ბას გიტარისტმა თავისი განუმეორებელი ხელწერით, ვინძლო ჯგუფის ლიდერობაც კი იტვირთა. პიტი ბარდენსის წასვლის შემდეგ, რიჩარდთან ერთად Camel -ში მალე მისი ბიძაშვილი დეივ სინკლერიც გამოჩნდა და ენდრიუ ლატიმერის კოლექტივი რაღაც პერიოდში ნახევრად Caravan-ადაც კი იქცა.

1979 წლის I Can See Your House From Here -ში, Camel პრაქტიკულად  სუპერჯგუფს წარმოადგენს. კომერციულ მოთხოვნებს დაყოლილ ალბომში მელ კოლინზთან ერთად, მოწვეულ მუსიკოსთა შორის ფილ კოლინზიცაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ ისაა, რომ ენდრიუ ლატიმერის გვერდზე 2002 წლის ბოლო შემადგენლობის ჩათვლით, ადამიანი ბას გიტარა - კოლინ ბეისი გამოჩნდა.

1980-იანი წლების Camel-ის ისტორია, 1970-ების მრავალი როკ ჯგუფის მსგავსად ვითარდებოდა. მუსიკოსების ხშირი ცვლა იდეების გამრავალფეროვნებასთან ერთად, ზოგჯერ მათ გამოფიტვასაც ემსახურებოდა. 1981 წელს კოლექტივი დრამერმა ენდი უორდმა დატოვა და გაირკვა, რომ დაარსებიდან 10 წლისთავზე, საწყისი შემადგენლობიდან Camel -ს მხოლოდ ლატიმერიღა შემორჩა...

ერთგვარი კრიზისის მიუხედავად, ამ პერიოდის Camel-ის ყოველი ალბომი მომხიბვლელი, თბილი და ადამიანურია. 1981 წლის Nude მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კუნძულზე ნაპოვნ იაპონელ ჯარისკაცს ეძღვნება, რომელმაც არც იცის, რომ ომი უკვე დამთავრებულია, 1984 წლის Stationary Traveller კი აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები ადამიანების განცდებს გადმოგვცემს, რომელნიც ბერლინის კედლის მიღმა გადასვლის სურვილით არიან გამსჭვალულნი. ამგვარ განცდას ერთგვარად „ფლოიდურად“ შესანიშნავად გადმოგვცემს ალბომის დამაგვირგვინებელი Long Goodbyes. შეიძლება ამ თემატიკის წარმოჩენის მიზეზითაც ყოფილიყო, რომ 2006 წელს ლატიმერმა როჯერ უოტერსისგან მიიღო მოწვევა ტურნეში დევიდ გილმორის ვოკალისა და გიტარის  პარტიების შესასრულებლად...

საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლის შემდეგ, ლატიმერის ახლადგამობრძმედილმა Camel-მა, რომლის შემადგენლობასაც წარსულში მაიკ ოლდფილდისა და Fish-ის პიანისტი მიკი საიმონდსი, კოლინ ბეისი, ახალი დრამერი დეივ სტიუარდი ასახიერებდნენ, 1996 წელს დიდებული ალბომი Harbour Of Tears ჩაწერა. ნამუშევარი ისტორიული დატვირთვისაა, რადგან მასში გადმოცემულია ათასობით ირლანდიური ოჯახის განცდა, რომელთაც ამერიკაში გადასახლება მოუწიათ მე-19 საუკუნეში. მათ შორის ლატიმერის ბებიას ოჯახიც მოიაზრება. დამაგვირგვინებელი ეპიკური კომპოზიცია The Hour Candle კი Camel -ის ლიდერმა მამის ხსოვნას უძღვნა.

სწორედ ამ ალბომის მუხტითაა გამსჭვალული 1998 წელს გამოსული შესანიშნავი ორდისკიანი საკონცერტო ალბომი Coming Of Age. DVD ვერსიის ცქერისას კი აშკარა ხდება, რომ Camel -მა 1970-ების მრავალი სხვა დიდი ჯგუფისაგან განსხვავებით, ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებული დახვეწილობითა და პეწით შეინარჩუნა ხელწერა, რაც გამოიხატება ზომიერებაში, უბრალოებაში, სისადავეში და კიდევ... ლამაზ ფლეიტაში.