ევროკომისიამ საქართველოს რამდენიმე მიმართულებით შემდგომი რეფორმების გატარება დაავალა.
„ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, ევროპულმა საბჭომ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები: ქვეყანა უნდა ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ ჩარევას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ; გააუმჯობესოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა;
იმუშაოს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხზე, მათ შორის უფრო მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობის გზით პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიმართულებით; უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს, და სრულად შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაცია. დაასრულოს საარჩევნო რეფორმა, მათ შორის უზრუნველყოს ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობა კენჭისყრის დღის დადგომამდე; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობის იმპლემენტაცია უსაფრთხოების სამსახურებზე. უზრუნველყოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ისეთი საკვანძო ინსტიტუტების, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია; დაასრულოს და აამოქმედოს ეფექტური სასამართლო რეფორმა, მათ შორის პროკურატურისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა, სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მათივე თქმით, უნდა შესრულდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც გაცემულია ამ უწყებებთან დაკავშირებით და ეს უნდა მოხდეს ინკლუზიური პროცესის შედეგად.
„უნდა გაუმჯობესდეს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მულტისექტორული, სისტემური მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ამბიციური სტრატეგიის იმპლემენტაციისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით; დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ საფრთხის შექმნის შემთხვევებზე, მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემით. გაიმართოს კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მნიშვნელოვანი ჩართვა საკანონმდებლო პროცესებში და თავისუფლად ოპერირების საშუალება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.