აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დასავლეთ ნაპირზე პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბლინკენმა აბასი დაარწმუნა, რომ აშშ მზად არის განაგრძოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და აღნიშნა, რომ პალესტინელებს საკუთარი სახლების დატოვება არ უნდა აიძულონ.
ბლინკენმა და აბასმა განიხილეს დასავლეთ ნაპირზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენის გზები. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მუშაობს პალესტინელების სახელმწიფოს ჩამოყალიბების ლეგიტიმური სურვილის განსახორციელებლად.
თავის მხრივ, აბასი ბლინკენს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობაზე ესაუბრა.
დღესვე ბლინკენი თურქეთში ჩავა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.