დივერსიული ჯგუფები ვინ არიან ჩვენ კარგად ვიცით, ეს არის პირველ რიგში მისი პარტია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი „რუსულ დივერსიულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„სააკაშვილი ისტორიაში შესულია, როგორც სამარცხვინო პერსონაჟი, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და დღეს აკეთებს ასეთ განცხადებებს და იმის „ვაჟკაცობაც“ არ ჰყოფნის, რომ ჩვენება მისცეს შესაბამის უწყებებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
პატიმარი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.