ბილწ ავაზაკთა „აგულავება“

ბილწ ავაზაკთა „აგულავება“

მათი ჭეშმარიტი სიმბოლო ოდენ ცოცხია. ცოცხი, რომელიც ხალათში აღარ დაიმალება. არც უსულგულოთა და გახევებულთა, ანუ გაცოცხებულთა გაცოცხლება არ შეიძლება. ისინი ყალბ ნიშანს იძლევიან და ყრილობას მართავენ, თითქოს გაცოცხლდნენ. თითქოს ზნე იცვალეს ან ფერი. უზნეოთა ფერიცვალება ცოდვათა მონანიების, სასჯელით  გამოსყიდვისა და შენდობის გარეშე  – სისულელეა ბრიყვთა საცდურად მოგონილი.

ბილწი ისევ თავმჯდომარეობს სამოცდარვა მურდალი ავაზაკისგან შედგენილ დაწყევლილ ხროვას და   რიგით ცდუნებულთ ძალაუფლების ასაღებად თავიდან გეშავს. ისინიც  ჩადენილ და მომავალში ჩასადენ ბოროტმოქმედებათა გამო ბილწის გარშემო ისევ ირაზმებიან. რაღა მნიშვნელობა  აქვს დროშაზე ცრუდ რას გამოსახავენ?!

ოთხი გული ხომ ბანქოს ქაღალდსაც ახატია. მაგრამ ავაზაკთა დროშაზე ქრისტეს ჯვარს რა უნდა? ან თეთრ სისპეტაკესთან რა ხელი აქვთ მძიმე ცოდვებით წარყვნილთ?!

ქრისტეს ჯვარი და თეთრი სპეტაკი  მათ დროშაზე არ შეიძლება იყოს და სინამდვილეში არც არის: თუ გულდასმით დააკვირდებით, მათ დროშაზე წითელი ხაზებით შემორაგული, ოთხი ცარიელი უჯრედია.  სიცარიელეთა  მიჯრით განლაგება ჯვრისა და სისპეტაკის იმიტაციას, შეურაცხმყოფელ ილუზიასა ქმნის. ცარიელი უჯრედი მათ დროშაზე გინდათ – სამარეს, გინდათ – საკანს განასახიერებს. ოთხთაგან თითოეულ საკან–სამარეში გულია დასვენებული. 

მათ ჩვენი გულების  ამოგლეჯა და  ცოცხალად დაფლვა დაუსახავთ მიზნად. სინამდვილეში ამას განასახიერებს მათი დროშა და მათი ავაზაკური „იდეა“.

ბილწის ხელმა მაღლა აღმართა ეს ვითომ განახლებული დროშა და დაიქადნა, რომ ჩვენს გულებს ოთხში ამოიღებს!

ბილწი უსულგულოა. ამიტომაც ჩვენს სულებსა და გულებზე  ნადირობით სულდგმულობს. როცა ძალაუფლების სკიპტრად   ცოცხი ეპყრა, მისი ჯოჯოხეთის მანქანა სულებს გვაცლიდა. სანამ ძალა ერჩოდა, ცოცხით და ცოცხში დასამწყვდევად სულებს წარიტაცებდა.  ახლა სურს გულები შეიპყროს, გულებზე ინადიროს. ძალაუფლების ცოცხ–სკიპტრა ხელიდან გააგდებინეს, დაძაბუნდა და ჯერ გული რომ მიეცეს, გაცვეთილი პათეტიკით  ყალბ, უგულო  სიყვარულს გვეფიცება.

უგულო სიყვარული კი სხვა არაფერია, სიძვაა. სიძვასა გვთავაზობს. უგულო თანაყოფას – ჯერ მხოლოდ კოაბიტაციას. ხოლო როცა საწადელს მიაღწევს, ჩვენს გულებს ოთხში ამოიღებს და კვლავ თავის სიძვის სახლად ჰყოფს ქვეყანასა ამას, კოაბიტაციაც დასრულდება. ისევ დაიწყება ცოცხებით ბილწი თარეში აწ უკვე სულთა დასატყვევებლად.

სწორედ ამაზე მიგვანიშნებს და სხვა არც არაფერზე მათ დროშაზე ოთხ საკან–სამარეში დამწყვდეული ოთხი ამოცლილი გული. ეს მათი ოთხი ავაზაკური დევიზის სიმბოლოა.

უმთავრესი დევიზი უკვე გავშიფრეთ – უგულო სიყვარული, ანუ სიძვა! „უგულოდ შეიყვარე!“– ამ დევიზს მათი დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში დატყვევებული გული გამოსახავს. სიძვით ცდუნება მთავარი ხერხია, რომ თანაყოფ–კოჰ––აბიტაციით თავიანთი  ცოდვების სიბინძურე ბრჭყვიალათი შენიღბონ, ამ ცოდვათა თანაზიარი გაგვხადონ და ბილწთან მეძავური ზავი შევკრათ.

ზედა მარცხენა საკან–სამარეში სამართლის გულია დაფლული. „სამართალი სამართლიანობის გარეშე!“  – უგულო სამართლის ეს   დევიზი მათი გადარჩენაა, ბილწისა და ავაზაკთა ხროვის ხსნაა, ერთადერთი შესაძლებლობაა მსჯავრს თავი დააღწიონ.  

ქვემოთ და მარჯვნივ კი ოცნების გულის სასაფლაოა. გულამოცლილი, მკვდარი ოცნება: „იოცნებე ფუჭად, უგულოდ, საქმის გარეშე!“ – ეს დევიზი მათთვის ძალაუფლების დაბრუნების გზაა. აკი დაჟინებთ და წამდაუწუმ იყვედრებიან კიდეც: „ოცნება არ მუშაობს!“ და რახან არ მუშაობს, რომ არ გავიყინოთ  ფუჭ ოცნებაში, თურმე ბილწის ცოცხ–სკიპტრამ უნდა იმუშავოს! „განაგდე უძრავი ოცნება და ემონე მოძრავ ცოცხსა!“ –ამას მოგვიწოდებენ.

ქვედა მარცხენა სამარეში ღირსების გულია დამარხული. გულგამოფატრული ღირსება: „მოჰკალ ღირსება!“ – ეს დევიზია მათი კვლავ აღზევების და ღირსება გამოცლილ მასებზე გაბატონებისა.

გულების ოთხში ამოღება, ოთხი სამარის გათხრა ჩვენი გულებისათვის – ესაა ბილწის ავაზაკური გეგმა და ახლა თავიდან ირაზმებიან. მოწმენიც გაგვხადეს თავიანთი „აგულავებისა“, რასაც შარშან ამ დროს ვერც ვერავინ წარმოიდგენდა!

რატომ აგულავდნენ ავაზაკნი?! როგორ გაბედეს?!

იმიტომ ხომ არა, რომ უკვე დაიჯერეს – იოლად გვაცდუნეს  სიძვით და კოჰაბიტაციური ზავი ბილწთან, მასთან უგულო თანაცხოვრება, რაც თანაშეყოფით მრუშობაშიც მალე გადაიზრდება, უკვე საბოლოოდ შეიკრა?!

იმიტომაც ხომ არა, რომ ვერ აღვასრულეთ მათზე სამართალი და ჩვენივე ხელით გვათხრევინებენ იმ სამარეს, სადაც სამართლიანობა უნდა დამარხონ?!

იმიტომაც ხომ არა, რომ ფუჭად ოცნება ოქროს თევზის იმედად, რაც ბოლოს მაინც მებადურის ცოლივით ისევ გატეხილი ვარცლის ამარა დაგვტოვებს,  აძლევს მათ შანსს, რომ ოცნებების სასაფლაოზე ახალი ცოცხი აღმოცენდება?!

და ალბათ იმიტომაც, რომ ღირსებაწართმეულთ, წელში ვერ გამართულთ, ისევ დაბეჩავებულთ გვხედავენ და ჰგონიათ, რომ ღირესულ პასუხს ვერ გავცემთ ჩვენს გულებზე მათი  ნადირობის ბილწ განზრახვას!

მათ მხოლოდ ჩვენი უგულობა აგულიანებთ. ბილწის ბოროტი ხელმწიფება მხოლოდ ჩვენი გულების დასამარებით გახდება შესაძლებელი.

ბოროტი არ შეგვეპაროს, გულებს გავუფრთხილდეთ ქალბატონებო და ბატონებო, გულებს!

ვინძლო მართლაც არ ამოგვართვან და ავაზაკთა ბილწ სამსხვერპლოზე არ მიიტანონ, როგორც ეს თავიანთ ახალ დროშაზე ახალ მუქარად გამოსახეს!