საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ამ კონტექსტში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ფინანსური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში და GELi-სთან თანამშრომლობით, საქართველოს 11 რეგიონში სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.
სკოლებში ლექციებს საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) წარმართავს, მოწვეული სპიკერები მოსწავლეებს გაესაუბრებიან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მათთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა ფინანსურ საკითხებს, როგორებიც არის: ბიუჯეტირება, დანაზოგი, ფინანსების სწორი მართვა და სხვა.
ინიციატივის მთავარი მიზანი მოსწავლეებში ეკონომიკის საბაზისო პრინციპების მათთვის გასაგებ, მარტივ ენაზე ახსნაა, რაც დაეხმარება მათ, უკეთ გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და რა მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქისთვის ფინანსების საბაზისო ცოდნას.
საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება ნებისმიერ მე-7 - მე-12 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
„თანამედროვე სამყაროში ადამიანს ხშირად უწევს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებისთვისაც ფინანსურ წიგნიერებას გადამწყვეტი როლი ენიჭება. შესაბამისად, ასეთი ცოდნა მნიშვნელოვანია მოქალაქის გრძელვადიანი მდგრადი წარმატებისათვის. ჩვენი ორგანიზაციის, GELi-ს მისია სკოლის მოსწავლეებში ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების გავრცელებაა. ამ პროცესში კი საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რადგან ფინანსური ინსტიტუტი გვეხმარება გავზარდოთ ჩვენი საქმიანობისა და მიზნების როგორც მასშტაბი, ასევე წარმატების ხარისხი. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ. მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში კი, საქართველოს ბანკისა და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით, ჩვენთვის შესაძლებელი ხდება შევხვდეთ 2,500-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს, ვესაუბროთ ფინანსური წიგნიერების მნიშვნელობაზე და ჩავრთოთ ისინი ჩვენს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში,“ - ლევან ფავლენიშვილი, GELi-ის დირექტორი.
„საქართველოს ბანკისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. რაც ხელს შეუწყობს უკეთესი, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ეკონომიკური და ფინანსური განათლება თამაშობს. ამიტომ, ვცდილობთ, ამ მიმართულებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარების პროცესში და გავხადოთ განათლება მეტად ხელმისაწვდომი. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
ფინანსური განათლების პროექტი მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერები არიან GELi და საქართველოს ბანკი.