შემოსავლების სამსახურში ,,ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროექტის განხორციელება მიმდინარეობს

შემოსავლების სამსახურში ,,ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროექტის განხორციელება მიმდინარეობს

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ (CTC)  ,,ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციასთან მიერთებისა ,,ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) იმპლემენტაციის მზაობის შეფასების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევროკავშირის საგადასახადო და საბაჟო გაერთიანების დირექტორატის  წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. მისიის შემადგენლობაში შემავალმა ავსტრიის, ნიდერლანდების, ლატვიის, ჩეხეთისა  და თურქეთის საბაჟო/საგადასახადო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ სიჭინავასთან და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრისას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია პროექტის იმპლემენტაციის მიზნით სამსახურში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. ამასთან,  საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ფორმატში, ევროკომიის  წევრებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს  ,,ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შესახებ, საკუთარი ქვეყნების წარმატებული გამოცდილება გაუზიარეს და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (საერთო ჯამში 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის დელეგაციის წევრებმა  დაათვალიერეს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი“ და თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სადაც ,,ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ.