შალვა პაპუაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე: იმედია, ევროკავშირის ელჩთან საუბარი ჰქონდა და პარადოქსს არ ვნახავთ, რომ ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს

შალვა პაპუაშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე: იმედია, ევროკავშირის ელჩთან საუბარი ჰქონდა და პარადოქსს არ ვნახავთ, რომ ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ „მაუწყებლობის შესახებ კანონზე“ გაკეთებულ პოზიტიურ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბრიუსელში სხვადასხვა ადამიანთან კონტაქტი ოპოზიციასაც აქვს და ძალიან კარგად იციან, რომ ეს პროექტი [„მაუწყებლობის შესახებ კანონი“] ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა და კანონპროექტი სიტყვა-სიტყვით ისე იყო გაწერილი, როგორც ევროკომისიასთან კომუნიკაცია იყო. მინდა, ევროკავშირის ელჩს მადლობა გადავუხადო, რომ მან ამ პროგრესს ხაზი გაუსვა. იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც იყო ნახსენები და მან ქალბატონ სალომეს აუხსნა კანონთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ვიცით, რომ ოპოზიციის მხრიდან მოწოდებაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის დირექტივას ვეტო დაადოს. იმედია, ევროკავშირის ელჩთან ამ თემაზე საუბარი ჰქონდა და ისეთ სიტუაციას და პარადოქსს არ ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს დაადებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის აჩქარება და ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის არის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა, ზოგიერთ სამოქალაქო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.