CNN: „ჰამასის“ წევრები 2 წლის განმავლობაში ისრაელზე თავდასხმის დასაგეგმად სტაციონარულ ტელეფონებს იყენებდნენ

CNN: „ჰამასის“ წევრები 2 წლის განმავლობაში ისრაელზე თავდასხმის დასაგეგმად სტაციონარულ ტელეფონებს იყენებდნენ

ტერორისტული მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლების მცირე ჯგუფი, რომელიც ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა, 2 წლის განმავლობაში ერთმანეთს ღაზის სექტორის გვირაბებში განთავსებული სტაციონარული ტელეფონების მეშვეობით ეკონტაქტებოდა. ამის შესახებ CNN-ი 2 წყაროზე დაყრდნობით იუწება, რომლებიც ამერიკული დაზვერვის მონაცემებს გაეცნენ.

მათივე ინფორმაციით, გვირაბში გაყვანილმა სატელეფონო ხაზებმა ტერორისტებს საშუალება მისცა, ერთმანეთთან კავშირი ისე დაემყარებინათ, რომ ისრაელურ დაზვერვას მათზე თვალთვალი ვერ მოეხერხებინა.

როგორც ამერიკულ სპეცსამსახურებში მიიჩნევენ, 2 წლის განმავლობაში ეს ჯგუფი ჩრდილში რჩებოდა და მხოლოდ 7 ოქტომბრის თავდასხმის წინ გააქტიურდა. ტერორისტები ამ ხნის განმავლობაში მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებს არ იყენებდნენ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.