დავით მათიკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული ვითარება შეაფასა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციურ პარტიაში განვითარებული მოვლენები სერიალის სიუჟეტს შეადარა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არსებული მოვლენები დაემსგავსა სერიალს, ოღონდ მდარე ხარისხის შინაარსით აღჭურვილს. ეს არის მომაკვდავი პოლიტიკური ჯგუფის ბოლო ქრონიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება სავსე მსგავსი მოცემულობებით - ნიკა მელიას გააგდებენ პარტიიდან და ის არ წავა; ხაბეიშვილს დანიშნავენ თავმჯდომარედ და ის საქმის გამკეთებელი არ არის და ყველა იცის, რომ ეს ყველაფერი ფორმალობაა; იქ კეზერაშვილისგან მიიღებენ შავ ფულს - ევროპელი პენსიონერებისგან ნაძარცვს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აახლოებს „ნაციონალურ მოძრაობას“თავის პოლიტიკურ სამარესთან და ამ პოლიტიკური სამარის გაფორმება მოხდება 2024 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ნიკა მელია ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილის გავლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი ყოფილი ძალოვნების გარშემო არა ხალხის ინტერესებმა, არამედ ფულმა და მანდატებმა გააერთიანა.