რუსი ოკუპანტებისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებაში წარმატება ვუსურვოთ ბატონ დანილოვს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედავთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
„ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა დანილოვი. ჩვენი პოლიტიკა, პირველ რიგში, არის ნდობის აღდგენაზე ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან. ამაში ჩვენ ხელს გვიშლის რუსეთი და ძალიან ნეგატიურად ერევა, ამიტომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის დამარცხება უკრაინაში, დამიჯერეთ, ამ საქმეს გაადვილებს. ამდენად, წარმატება ვუსურვოთ ბატონ დანილოვს, ჩვენ საქმეს მივხედავთ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა კირკიტაძემ.
ალექსეი დანილოვის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაიწყო და ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა მესამე მსოფლიო ომის საფრთხე ისრაელ-ჰამასის დაპირისპირების ფონზე. ალექსეი დანილოვმა განმარტა, რომ 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ომმა ცხელ ფაზაში 2022 წლის 24 თებერვლიდან გადაინაცვლა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამ პერიოდიდან საქართველოსა და მოლდოვას, რუსი ოკუპანტებისგან საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება რომ დაეწყო, ერთობლივი ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უფრო მალე გადაიჭრებოდა.