ამის შესახებ წერს და პლატფორმა X-ზე სტივ ბელის მიერ ატვირთულ ტვიტს კარიკატურითურთ აქვეყნებს პორტალი timesofisrael-ი.
„გარდიანმა" სამსახურიდან გაათავისუფლა მხატვარი-კარიკატურისტი სტივ ბელი, რომელთანაც 1983 წლიდან თანამშრომლობდა და უარი თქვა ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კარიკატურის გამოქვეყნებაზე, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ანტისემიტური შინაარსისაა, - წერს timesofisrael-ი.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სტივ ბელს კონტრაქტი არ გაუგრძელდეს. ბოლო 40 წლის განმავლობაში სტივ ბელის კარიკატურები „გარდიანის" მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ჩვენ მას მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ", - ნათქვამია „გარდიანის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
კარიკატურაზე, რომლის გამოც ბელი სამსახურიდან დაითხოვეს, ნეთანიაჰუს ხელში სკალპელი უჭირავს, მუცელზე ღაზის კონტურების ფორმის მქონე ხორცის მოსაჭრელად ემზადება და ამბობს: „ღაზის მცხოვრებლებმა ახლავე უშველონ თავს". კარიკატურაზე მინაწერის თანახმად, იგი შექმნილია „დევიდ ლევინის კვალდაკვალ", მოგვიანებით სტივ ბელის მიერ გაკეთებული გაკეთებული განცხადებით კი დაზუსტებულია, რომ მისი შთაგონების წყარო იყო დევიდ ლევინის მიერ 1966 წელს შექმნილი აშშ-ის პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის კარიკატურა, რომელზედაც პრეზიდენტი ჟურნალისტებს ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შედეგად მიღებულ ვიეტნამის კონტურების ფორმის მქონე ნაწიბურს უჩვენებს.