იდეის ფენომენი

იდეის ფენომენი

1977 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაშვებულ ავტომატურ საპლანეტშორისო სადგურზე – „ვოიაჯერ 1-სა“ და „ვოიაჯერ 2-ზე“ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები,“ რომელიც დედამიწის გარე ცივილიზაციების წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათთვის წარმოდგენა შეექმნათ დედამიწის და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორნმაციასთან ერთად (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვა), კახური სიმღერა “ჩაკრულოცაა” შეტანილი, რომლის პირველი ჩანაწერი სოფელ ვაჩნაძიანში ზაქარია ფალიაშვილმა გააკეთა.

1977 წელს ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული ვერსია, ნასამ კოსმოსში გაგზავნა, სადაც დღესაც ომახიანად ისმის სიტყვები: „ხიდის თავს შევკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია...“

„ჩაკრულო“კოსმოსში რომ გაუშვეს, ზოგიერთი გაკვირვებული კითხულობდა, რატომ შეარჩიეს მაინც და მაინც ასეთი აგრესიული ტექსტის მქონე სიმღერა? იმიტომ, რომ ქართველი მუდამ სამართალს ეძებდა და დღემდე სამართალი მშიერი და შიშველი დაიარება ჩვენში!

ჩანს მართალი იყო დიდი ივანე ჯავახიშვილი, მრავალი მიზეზის გამო ქართველებს შუმერების მემკვიდრეებად რომ მიიჩნევდა.

ქართული მენტალობისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა წესი, თუნდაც სამართლიანობის ასეთი მძაფრი განცდა, საოცრად ჰგავს შუმერებისას, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცივილიზაციის მქონე ხალხისას. ალბათ, არ არის შემთხვევითი, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად იქ, სადაც გვხდება სიტყვა “თავისუფლება“ (შუმერულად - “ამარგი“), ჯერ კიდევ 5000 წლის წინ შექმნილიყო მსოფლიოში პირველი პარლამენტი.

ჩვენს ხელთ არსებული ჩანაწერებიდან ვგებულობთ, რომ შუმერები დიდად აფასებდნენ ჭეშმარიტებას და სიკეთეს, კანონიერებას და წესრიგს, სამართლიანობას და თავისუფლებას, სათნოებას და გულახდილობას, თანაგრძობას და გულმოწყალებას. ბუნებრივია, სძულდათ სიცრუე და ბოროტება, უკანონობა და უწესრიგობა, უსამართლობა და ჩაგვრა, ბიწიერება და გარყვნილება, სისასტიკე და შეუბრალებლობა; მეფენი და მმართველები სულ იმით იწონებდნენ თავს, ქვეყანაში კანონიერება და წესრიგი დავამყარეო, სუსტი დავიცავი ძლიერისაგან, ღარიბი - მდიდრისაგან, ბოლო მოვუღე ბოროტებასა და ძალმომრეობასო. ისტორიიდან ესეც რომ არ ვიცოდეთ, სახელგანთქმული ბაბილონის მეფის, ჰამურაბის კანონთა კრებულით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ძეგლი შეიძლებოდა მხოლოდ იმ ხალხში შექმნილიყო, ვისაც ჰქონდა სამართლიანობის განცდა, კანონი და სამართალი ხომ ფუძემდებლური ცნებებია.

“ბექა-აღბუღას სამართალი“, “ძეგლისდება“, “სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“ - ეს უკვე ქართველთა სამართლებრივი კულტურის ნიმუშებია.

2001 წელს ქართული პოლიფონია და თავად ქართული (ქართლ-კახური) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური სიმღერა “ჩაკრულო,“ იუნესკომ აღიარა როგორც კაცობრიობის მემკვიდრეობის შედევრი და შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლების ნუსხაში.

სიმღერა „ჩაკრულო“ მთელი ჩვენი ისტორიული ბრძოლის ჰიმნია, ახლა უკვე კოსმოსში სამართლის მძებნელი!

http://www.youtube.com/watch?v=ecIUVC8jfRQ

თავს  რისთვის  გაწირავ?

რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი ლუკრეციუსი ამტკიცებდა: “სიკვდილი საშიში არაა, ვინაიდან სანამ ჩვენ ვართ, ის არ არის, ხოლო როცა ისაა, ჩვენ აღარ ვართ“. მაგრამ ასეთი სოფიზმებით ძნელია სიკვდილის შიშის დაძლევა, რა კულტურულ დონეზეც უნდა იდგეს ადამიანი.

ციცერონს შეეკითხნენ: თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ? უპასუხა, როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო, როდესაც სიკვდილი მელისო.

და  მაინც, სიკვდილის შიშის დაძლევა მხოლოდ რჩეულთ ხელეწიფებათ.

2500 წლის მანძილზე გამხნევება და ნუგეში უპოვიათ სოკრატეს სიტყვებში, სამსჯავროსადმი მიმართულში: “ათენელებო, თქვენ შეგიძლიათ ჩემს ბრალმდებელს დაუჯეროთ ან არ დაუჯეროთ, შეგიძლიათ გამამართლოთ ან სიცოცხლე მომისპოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ მაიძულოთ - ჩემი რწმენის წინააღმდეგ ვიმოქმედო, თუნდაც ათასი სიკვდილით დამემუქროთ.“

სოკრატემ უარი განაცხადა მეგობრებისა და მოწაფეების თხოვნაზე - გაქცეულიყო ტყვეობიდან და ამით თავი ეხსნა სასიკვდილო განაჩენისაგან. მან ნებაყოფლობით დაცალა საწამლავით სავსე ჯამი და თვითონ შეასრულა ათენის დემოკრატიის მიერ გამოტანილი სამარცხვინო განაჩენი.

თუ რა გავლენას ახდენდნენ პლატონის დიალოგები ამაღლებული სულის ადამიანებზე, შემდეგი ფაქტებიდან ჩანს: როდესაც იულიუს კეისარმა რესპუბლიკური წესწყობილების მომხრეები საბოლოოდ დაამარცხა, მათი მეთაური კატონი ქალაქ უტიკისაკენ გაიქცა. სამხედრო კარავში მან ორჯერ წაიკითხა პლატონის  “ფედონი.“  შემდეგ თავისი მახვილი ყველაზე ერთგულ მონას მისცა და უთხრა, განმგმირეო. მონამ ვერ გაბედა ამ ბრძანების შესრულება. მაშინ კატონმა მახვილი მიწაში ტარით ჩაარჭო და ზედ წამოეგო. იულიუს კეისარმა დიდად ინანა კატონ უტიკელის თვითმკვლელობა; ის მზად იყო, მას შერიგებოდა, მაგრამ დიდმა რესპუბლიკელმა ამჯობინა თავისი სტოიკური ცხოვრება სტოიკური სიკვდილით დაესრულებინა.

მეორე ფაქტი იტალიური რენესანსის ეპოქას ეკუთვნის. როდესაც ფლორენციის მმართველმა, ახალი პლატონური აკადემიის დამაარსებელმა კოზიმო მედიჩიმ სიკვდილის მოახლოება იგრძნო. მან  თავი ვილაში გადააყვანინა, სადაც ის კარგა ხანს ლოგინში იწვა დაფიქრებული და თვალდახუჭული. - რად ჩაფიქრებულხარ და თვალები რად დაგიხუჭავს? - ჰკითხა მას ცოლმა. - უცნაური ქალი ხარ, - უპასუხა კოზიმომ, - შენ ორი კვირით ადრე იწყებ ფუსფუსს, როდესაც ზაფხულში ქალაქიდან აგარაკზე აპირებ გადასვლას, ნუთუ მე არ უნდა დავფიქრდე, როდესაც სხვა ქვეყანაში გადასასვლელად ვემზადები. თვალებს კი იმისთვის ვხუჭავ, რომ სიბნელეს შევეჩვიო. შემდეგ მან მოახმობინა გამოჩენილი ფლორენციელი ჰუმანისტი მარსილიო ფიჩინო და სთხოვა, პლატონის დიალოგები წამიკითხე ხმამაღლაო. ამ კითხვის დროს მან სამუდამოდ დაიძინა.

ცნობილია, რომ ძლიერი სულის ადამიანს სიმტკიცეს ანიჭებს არა მარტო ფილოსოფიური ფიქრები, არამედ სუსხიანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ატმოსფეროც, რომელიც გამანადგურებელია სუსტი და ნებიერი ადამიანისთვის.

როდესაც იმპერატორმა ნერონმა უბრძანა პეტრონიუსს თავი მოეკლა, პეტრონიუსმა ბანკეტზე მეგობრები მიიწვია და მაჯა გადაიჭრა. მაგრამ უცებ რომ არ მომკვდარიყო, ის დროდადრო იხვევდა ჭრილობას, თავისი საყვარელი ლექსების დეკლამაციას ისმენდა და მეგობრებს ესაუბრებოდა.

ახლა კი ახალ დროში გადმოვინაცვლოთ:

ბევრი დიდსულოვანი ადამიანი შეიწირა საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ.

როდესაც დანტონის მეგობრებმა დაინახეს, რომ მას გილიოტინის ნაჯახი ელოდა, ურჩიეს ინგლისში გაქცეულიყო. დანტონმა უპასუხა: “განა ადამიანს შეუძლია თავისი სამშობლო თავისი ფეხსაცმელების ქუსლებით წაიღოს თან?“ ეშაფოტზე დანტონმა განზე გადაისროლა თოკი, რომლითაც ხელების შეკვრას უპირებდნენ, რობესპიერისთვის გამოგადგებათო; ხოლო როდესაც მას ჰკითხეს, რა არის შენი უკანასკნელი სურვილიო, მან თქვა,  ჩემი თავი იმის ღირსია, რომ ხალხს უჩვენოთ, ხოლო გვამი - რობესპიერსო.

“იქ, სადაც კაცს ხიფათი არ ელოდება, არც დიდების მოპოვება შეიძლება“ - ამას ნაპოლეონი ამბობს. მის მიერვე ბევრჯელ თქმული სიტყვებია: “ჯარისკაცებო, ისწავლეთ ღირსეული სიკვდილი.“

ყოველი ჭეშმარიტი ვაჟკაცი ინატრებდა მარშალ მიშელ ნეის სიკვდილს. როგორც ცნობილია, ის ნაპოლეონს მიემხრო მისი კუნძულ ელბიდან დაბრუნების შემდეგ. როდესაც ნაპოლეონი ასი დღის მეფობის შემდეგ ვატერლოოსთან დამარცხდა, ლუი XVIII-ის მთავრობამ ნეის დახვრეტა გადაუწყვიტა; მაგრამ ჯარისკაცებს დაენანათ თავისი სახელოვანი მხედართმთავარი, უმამაცესი მამაცთა შორის, როგორც მარშალ ნეის ნაპოლეონი უწოდებდა, და დიდხანს უმოძრაოდ იდგნენ. მაშინ ნეიმ დამსჯელ რაზმს თავისი დაშნით თვით უბრძანა მისთვის ტყვიები ესროლათ. ალბათ, მოქანდაკეს თვალწინ, სხვათა შორის, ეს ეპიზოდიც ედგა, როდესაც მარშალ მიშელ ნეის ძეგლს დგამდა პარიზში.

1825 წლის 14 დეკემბერს პეტერბურგში, სენატის მოედანზე მოხდა დეკაბრისტების ცნობილი გამოსვლა. მეორე დღეს, რუსეთის დედოფალმა დღიურში ჩაწერა: “ოჰ უფალო! მარტო იმან, რომ ჩემი უძვირფასესი სიცოცხლე საფრთხეში იყო, საკმარისია ჭკუიდან შეშალოს ადამიანი. ღმერთო დიდებულო, რა საშინელი დღე იყო გუშინ...“

მომდევნო წლის ივლისის 13-ში, პეტრე-პავლეს საპყრობილის ეზოში ჩამოახრჩეს დეკაბრისტთა ხუთი ბელადი: პ. პესტელი, ს. მურავიოვ-აპოსტოლი, კ. რილეევი, პ. კახოვსკი და მიხეილ ბესტუჟევ-რიუმინი. უკანასკნელ წუთს რილეევმა მღვდლის ხელი მიიდო გულზე და უთხრა: “გესმით, როგორ მშვიდად მიცემს გული?..“

როცა ჯალათმა ყულფჩამოცმულ გმირებს სკამები გამოაცალა ფეხქვეშ, მურავიოვს, რილეევსა და კახოვსკის თოკები გაუწყდათ და სახრჩობელის ქვემოთ გათხრილ ორმოში ჩაცვივდნენ. მურავიოვმა შესძახა: უბედურო სამშობლოვ, ადამიანის ჩამოხრჩობის უნარიც კი არ შეგწევს.

სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შემდეგ ნიკოლოზ I-მა სასწრაფო ბარათით აცნობა დედამისს: „ნაჩქარევად გწერ ორ სიტყვას, ძვირფასო დედილო. მინდა გაცნობო, რომ ყველაფერი წყნარად და და წესიერად ჩატარდა. საძაგლებს საძაგლად ეჭირათ თავი“.

1970 წელს ესპანეთში ფრანკისტულმა რეჟიმმა სიკვდილი მიუსაჯა ახალგაზრდა ბასკ პატრიოტებს: ხავიერ ისკოს, ედუარდო ურიარტეს, მარიო ონაინდიას, ხოაკან გაროსტიდის, ხოსე მარია დორონსოროს, ფრანცისკო ლარენას. სიკვდილის განაჩენს ისინი ბასკთა საბრძოლო-პატრიოტული სიმღერით შეხვდნენ: “შვიდნი, როგორც ერთი.“

ხოლო როდესაც ერთ-ერთი მათგანის - ხავიერ ისკოს დედას ურჩიეს დაეყოლიებინა შვილი, რათა დათმობაზე წასულიყო და პატიება ეთხოვა, მან უპასუხა: ჩემი შვილი მზადაა ღირსეულად მოკვდეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, მიტერანი პროსტატის კიბოთი იყო დაავადებული. ცხოვრებასა და მოღვაწეობას სწორად შერჩეული და ეფექტური წამლების კურსით განაგრძობდა. ერთ დღეს მიტერანმა მკურნალ ექიმს მიმართა თხოვნით, განემარტა მისთვის, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში რამდენ დღეს იცოცხლებდა. ექიმს კატეგორიულად უთქვამს: სამ-ოთხ დღესო. მიტერანი არ შეუშინებია ნათქვამს და ნებაყოფლობით შეუწყვეტია სამკურნალო საშუალებების მიღება. განაგრძობდა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხმარებას.

მეოთხე დღეს, დილით ადრე, მიტერანს თავი ცუდად უგრძვნია: წვერი გაუპარსავს, თავი წესრიგში მოუყვანია, ანდერძის წერა დაუმთავრებია, საწოლ ოთახში შესულა და სამუდამო ძილიც დაუფლებია.

მიტერანის, როგორც დიდი ადამიანის  დამოკიდებულება სიკვდილთან ბევრ რამეზე მიანიშნებს, მაგრამ არა ნაკლები ყურადღება მიიპყრო მიტერანის მიერ დატოვებულმა ანდერძის შინაარსმა - დიდი ფრანგი პატრიოტი და პოლიტიკური ლიდერი დე გოლის მსგავსად, ანდერძით ითხოვდა, დიდი ცერემონიალის გარეშე თავისი მშობლიური სოფლის მყუდრო სასაფლაოზე დაკრძალვას, რაც, რა თქმა უნდა, შეუსრულეს.

არის თუ არა ყველა ვითარებაში დასაძრახი ადამიანი, რომელიც გარკვეული მოტივაციის გამო წყვეტს სიცოცხლეს? გასაგებია, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლიც არის და ძნელიც.

პაოლო იაშვილმა ხომ თავის მოკვლით აიცილა დაცინვა, აბუჩად აგდება, სულიერი მონობა. კითხულობ თვითმკვლელობამდე დაწერილ ანდერძს შვილისადმი და ამართლებ ამ ამაყი პიროვნების გადაწყვეტილებას.

მე-17 საუკუნის რელიგიური ორდენის წევრები - ტრაპისტები, ყოველდღე და ყოველ წამს  როცა ისინი ხვდებოდნენ, სიკვდილის გარდუვალობას ახსენებდნენ ერთმანეთს.  წესად ჰქონდათ მისალმება ლათინური სენტენციით: “მემენტო მორი“ - “გახსოვდეს სიკვდილი!“

საყოველთაოდ ცნობილია, როგორ დაგმო დიდმა საბჭოთა პოეტმა მაიაკოვსკიმ  ასევე დიდი პოეტის  ესენინის თვითკვლელობა: 

“სასიხარულოს ცოტას გვაძლევს პლანეტა ვრცელი / უნდა მოვტაცოთ სიყვარული მყოფადს ეკლიანს / თავი მოიკლა სიცოცხლეში არ არის ძნელი / ცხოვრება შექმნა, გაცილებით უფრო ძნელია“.

ცოტა ხნის შემდეგ, შექმნილი სიტუაციის გამო, “ბაღდათელმა ბიჭმა“ თვითონაც  მოიკლა თავი.

მოსკოვში, ვაგანკოვის პანთეონში, ესენინის საფლავის გვერდით, განისვენებს მისი მდივანი ქალი გალინა ბენისლავსკაია, რომელმაც ერთი წლის შემდეგ მისსავე საფლავზე მოიკლა თავი.

მკვლევართა შორის სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ გაიქცა ასაკოვანი ლევ ტოლსტოი იასნაია პოლიანადან: ერთნი ცოლთან გამუდმებულ დავას ასახელებენ, მეორენი მისი ხასიათის თავისებურებაზე მიუთითებენ, ყურადღებას სხვა ფაქტორებზე და მიზეზებზეც  ამახვილებენ.

თომას მანმა გენიალურად შენიშნა: “ტოლსტოი იასნაია პოლიანადან სიკვდილს გაექცა, რადგან იგრძნო, რომ მიქელ გაბრიელმა მოაკითხა“.

სიკვდილი კი დიდ მწერალს გზაში, რკინიგზის ერთ პატარა სადგურში დაეწია.

დღემდე დავის საგანია ერნესტ ჰემინგუეის მიერ თავის მოკვლა იმ თოფით, რომლითაც მამამისმა მოიკლა თავი და ანდერძში შვილს სთხოვა ამ თოფს იგივე როლი არასოდეს შეესრულებინა.

ჰემინგუეი მთელი არსებით ეძებდა ცხოვრების საზრისს: კილიმანჯაროს მთების ძირში თუ გაშლილ ზღვაში; ომის ქარცეცხლში თუ ბარების სიმყუდროვეში; ქალებში თუ დიდების სამყაროში. ყველგან იყო, ყველგან მიიღო საზღაური. ამოწურა ყოველივე და თავისთავზე განიცადა “ამაოება ამაოებათა“-ს ძალა და, როდესაც გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა, ყველაფერი მიღწეული აღმოჩნდა და სიბერეც კარს მოადგა, საბოლოო წერტილი თვითონ დასვა.

ცნობილი ინგლისელი მწერალი, სომერსეტ მოემი იხსენებს ერთ  ლიტერატორს, რომელიც თავისი მოტოციკლეტით ქალაქის ყველაზე სახიფათო ადგილზე დაჰქროდა თურმე, რათა ავარიაში მოხვედრილიყო და ამრიგად თავიდან აეცილებინა  მოახლოებული  სიბერე.

სიბერის ტრაგედიის შესახებ კარგად ამბობს ერნესტ რენანი: “მე მიცნობდნენ ახალგაზრდას, გონებამახვილ ადამიანს, აღარ მინდა გონებადაჩლუნგებული და დახავსებული მიხილონ“.

“ყველა დროში იყვნენ ადამიანები, რომელთაც სიცოცხლე იდეალს შესწირეს,“ - წერდა რომენ როლანი.

“იდეით ცოცხლობდე, - წერდა გოეთე, - იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელს ისე ეპყრობოდე, თითქოს შესაძლებელი იყოს.“

იდეალი შეიძლება იყოს ქარიზმატული პიროვნება, ბელადი, პოლიტიკური ლიდერი, სამშობლო, მოვლენა, საგანი, პროცესი და ა.შ. იდეისთვის სიცოცხლე-სიკვდილი ადამიანს ბედნიერს ხდის.

დიდებულმა ქართველმა ქალმა, მარიკა ჩიქოვანმა, იმისათვის, რომ არ “დაშორებოდა“ თავისი ცხოვრების უერთგულეს მეგობარს, სიმონ ჩიქოვანს, საოცარი ანდერძი დატოვა: “ჩემი ნეშტი დაწვით და ფერფლი მეუღლის გულთან ჩაჰფალით.“

P.S.  სულის უკვდავების თუ არ გწამს, იმ იდეის უკვდავება მაინც უნდა დაიჯერო, რისთვისაც  თავს  გაწირავ.