ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასისგან“ განსხვავებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ღაზის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამოძიება.
„პირველ რიგში, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ზღვიდან, ხმელეთიდან ან ჰაერიდან ჩვენ მიერ გაშვებულ არცერთ რაკეტას არ მიუტანია იერიში საავადმყოფოზე. ისრაელის რადარების სისტემამ დააფიქსირა რაკეტების გაშვება ღაზის სექტორიდან, ორი დამოუკიდებელი ვიდეო ადასტურებს იმას, რომ რაკეტა არასწორად იქნა გაშვებული. სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კომუნიკაციაზე, რომელიც რაკეტების არასწორად გაშვებას ეხებოდა“, - აღნიშნა ჰაგარიმ.
მისივე თქმით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ღაზის სექტორიდან არასწორად იქნა გაშვებული და ღაზის სექტორშივე დაეცა 450 რაკეტა.
პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა და მომხდარში ისრაელს ადანაშაუელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ ჯიჰადს“ დააკისრა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.