მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. სხდომას დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც. წინასწარ ცნობილია, რომ იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობა და „ევროპელი სოციალისტები“ დაუჭერენ მხარს.