თურქეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“ მძევლად აყვანილი უცხოელების, სამოქალაქო პირებისა და ბავშვების გათავისუფლების თაობაზე

თურქეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“ მძევლად აყვანილი უცხოელების, სამოქალაქო პირებისა და ბავშვების გათავისუფლების თაობაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, თურქეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“ მძევლად აყვანილი უცხოელების, სამოქალაქო პირებისა და ბავშვების გათავისუფლების თაობაზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ფიდანის თქმით, არაერთმა ქვეყანამ მიმართა თურქეთს თხოვნით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში შუამდგომლობის თაობაზე. ფიდანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უკვე ისაუბრა „ჰამასის“ ლიდერ ისმაილ ჰანიასთან.

მანამდე „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მძევლად აყვანილი მესამე ქვეყნების მოქალაქეები არიან „სტუმრები“, რომლებიც გათავისუფლდებიან მაშინ, როდესაც შესაბამისი პირობები შეიქმნება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.