ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ ომანის სასულთნოს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ომანის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსი, საუდ ალშუკაილი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და შემოსავლების სამსახურში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაცნობა. აღნიშნული ვიზიტი, შემოსავლების სამსახურში პოლიტიკისა და მართვის ჯგუფის ჩართულობით (Policy and Management Consulting Group (PMCG) მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ომანის სასულთნოს საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე, ასევე ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებასა და კადრების პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს. გაცნობით შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, პაატა კილაძე, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ზაალ ტყეშელაშვილი, ასევე მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომან ბუღაძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და სხვა ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა ომანის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ პარტნიორული ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში, ომანის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრები გამართეს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და გადამხდელთა მომსახურების, ასევე კანონშესაბამისობის მართვის, საგადასახადო შემოწმების, დავების წარმოების, დღგ-ის დაბრუნებისა და საგადასახადო დავალიანების მართვის შესახებ, მომზადებული პრეზენტაციები მოისმინეს.
ომანის სასულთნოს დელეგაციის წევრებმა, ასევე დაათვალიერეს თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა და საქონლის იმპორტში მოქცევისთვის აუცილებელ გაფორმების გამარტივებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.