„ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ რეგიონში, სულ მცირე, 15 ჟურნალისტია დაღუპული, - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულ 15 ჟურნალისტს შორის 11 პალესტინელი, სამი ისრაელელი და ერთი ლიბანელია. ასევე, დაშავებულია რვა ჟურნალისტი, მედიის სამი თანამშრომელი კი დაკარგული ან დაკავებულია.
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ განცხადებით, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან ღაზის სექტორში მომუშავე ჟურნალისტები, ვინაიდან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის ავიადარტყმების, შეფერხებული კომუნიკაციის, ელექტროენერგიის გათიშვისა და ისრაელის დანაყოფების მხრიდან მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის პირობებში ცდილობენ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.