16 ოქტომბერს, პალიტრა ტვ-ის ეთერში, ემა ტუხიაშვილის გადაცემაში, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა ჩვენი პარტიის წევრთან ბექა ლილუაშვილთან კამათისას განაცხადა, რომ, თურმე, გახარიას გუნდს ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე ნაციონალებთან კოალიცია აქვს შექმნილი.
ხაჯიშვილის ეს რეპლიკა მის პირად, უნიჭო იმპროვიზაციად მივიჩნიეთ, მაგრამ ძალიან მალევე აღმოჩნდა, რომ ეს შემთხვევით არ თქმულა და დაგეგმილი კამპანიის ნაწილი ყოფილა: ნაციონალი ხაჯიშვილის განცხადებებზე რეაგირების თვალსაზრისით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიული ოპერაცია, რომელიც ჩაუტარებია ხელისუფლებას, მის მედიას და მის პარტნიორ ნაციონალებს ჩვენს წინააღმდეგ.
ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავარი კოალიცია, რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს, ესაა ნაციონალების და ოცნების კოალიცია, რადგან ხაჯიშვილის განცხადებიდან წამების განმავლობაში ოცნების ყველა მედიასაშუალებით - იმედი, რუსთავი2, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ყველა სააგენტო (8 მარტო ჩვენ დავთვალეთ) - ნაციონალები ალაპარაკდნენ ქოცების ენით და ნარატივით - „გახარიას გუნდი ნაციონალებთან კოალიციაშია“ - ეს ოცნების მთავარი წინასაარჩევნო ნარატივია.
კამპანიის მიზეზი მარტივია: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთზე მავნებელია; რომ არცერთმა (არც ერთად და არც ცალ-ცალკე) არ უნდა აიღოს 50%-ზე მეტი 2024 წლის არჩევნებში - მათ დაინახეს, რომ ესაა ძალიან ძლიერი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის, მათ დაინახეს ჩვენი მნიშვნელოვანი როლი ამ მიზნის მიღწევაში და ერთი ენით და ნარატივით დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ კამპანია.
ვუსურვებთ მათ გამძლეობას, ასევე, მშვიდად შეგუებას იმასთან, რომ, როცა საჭირო იქნება და სადაც საშუალება იქნება, ჩვენი გუნდი ყოველთვის გამოიყენებს ნაციონალებსაც და ოცნებასაც საზოგადოების ინტერესებისთვის და ბოლოს მოუღებს მათ მანკიერ ალიანსს და მავნე კოალიციას.