პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ დავით გარეჯის საქმეზე ჟურნალისტებს დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ბრალდებულები 1:200 000-იანი მასშტაბის რუკას მიზანმიმართულად მალავდნენ და იგი არავისთვის წარუდგენიათ.
„მოწმის ჩვენების მთავარი შინაარსი არის ის, რომ ყველაზე რელევანტური მასალა, რუკა 1:200 000-იანი მასშტაბის, ფაქტობრივად, ბრალდებულების მფლობელობაში იყო და მიუხედავად იმისა, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სადემარკაციო საბჭოს მიერ არაერთხელ იყო მოთხოვნილი ეს რუკა, მათ ფიზიკურად არ მიუწოდებიათ. მხოლოდ და მხოლოდ სულ სხვა პირისა და წყაროს მეშვეობით მოხდა ამ რუკის ასლის მოპოვება. ეს ცალსახად ადასტურებს, რომ ნებისმიერი პირის მიერ საკითხის განხილვის დროს ბრალდებულები მიზანმიმართულად მალავდნენ აღნიშნულ რუკას“, - განაცხადა გარეჯის საქმის პროკურორმა.
დავით გარეჯის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე გამოიკითხა. მან სასამართლოს 2014-15 წლებში გარეჯის საკითხის შესწავლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.