ლევან ბეჟაშვილი: მაუწყებლის კანონში ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი მედიის შესაზღუდად იყენებს - მოვუწოდებთ უმრავლესობას, ხელი აიღოს ამ გადაწყვეტილებაზე

ლევან ბეჟაშვილი: მაუწყებლის კანონში ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი მედიის შესაზღუდად იყენებს - მოვუწოდებთ უმრავლესობას, ხელი აიღოს ამ გადაწყვეტილებაზე

მაუწყებლის კანონში ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი მედიის შესაზღუდად იყენებს - მოვუწოდებთ უმრავლესობას, ხელი აიღოს ამ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მაუწყებლის კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები უარყოფით გავლენას მოახდენს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზე.

„მაუწყებლის კანონში“ ცვლილებას „ქართული ოცნება“ კვლავ იყენებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი მედია შეზღუდოს. ეს კანონპროექტი იჭრება თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებაში, რაც დამატებითი ბერკეტი იქნება ეროვნული კომისიისთვის, რომ დაასანქციროს ოპოზიციური და სხვა ტელევიზიები, ამიტომ ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. მოვუწოდებთ უმრავლესობას, ხელი აიღოს ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის სტანდარტებთან, რაც ამ მხრივ ევროკავშირშია და ეს უარყოფით გავლენას მოახდენს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესსა და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

„ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.