საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საჭიროდ თვლის დამატებითი განცხადება გააკეთოს, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების შესახებ მომზადებულ მორიგ სიყალბესთან დაკავშირებით და განმარტოს შემდეგი:
2023 წლის 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია ,,ფორმულას" მიერ, გადაცემა - ,,შაბათის ფორმულაში" გასული სიუჟეტი იყო ცალსახად, დეზინფორმაციული შინაარსის და მისი გავრცელება კიდევ ერთხელ ემსახურება მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
აღნიშნულ გადაცემაში მტკიცებით ფორმაში ითქვა თითქოს მათ ხელთ ჰქონდათ ე.წ "უტყუარი მტკიცებულებები" თუ როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები ავტომობილების გაყვანას კანონის გვერდის ავლით" და რომ რუსეთი მკაცრ სანქციებს საქართველოს დახმარებით არიდებს თავს არის სრული სიცრუე და თავად მედია საშუალების მიერ შექმნილი ყალბი პროპაგანდა.
ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ, მიწოდებული ინფორმაცია ავტორების მიერ არის არასრულად გავრცელებული და მოკლებულია ობიექტურ/მაიდინტიფიცირებელ განმარტებას. კონსულტაციის მიმდინარეობისას ოპერატორის მიერ, დეტალური ინფორმაციის გაცნობის მიზნით, მოხდა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი საინფორმაციო ბმულის მიწოდება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.
ამასთან, რათა არ მოხდეს, უწყების მიერ, უკვე არაერთგზის, გავრცელებული განცხადებების/განმარტებების შინაარსის კვლავ დუბლირება გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმულები:
https://rs.ge/Callcenterguides?Listofsanctionedgoods,personsandcompanies&guid=0641DC256C2915E9E0637A0214AC6D8B
https://rs.ge/NewsArchive?newsId=1062
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ინფორმაციის გავრცელების მაღალი სტანდარტის შესაბამისად, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის მცდარი ფაქტების მიწოდებისგან, უწყებისა და ქვეყნის დისკრედიტაციისგან.