მძიმე სანახავია, როცა არაფორმალურ მმართველთან ჩამწკრივებული მიბრძანდებიან ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ოპოზიციის ლიდერობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიას კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.
„ვინც ფულს იხდის, მუსიკას ის უკვეთავს. ძალიან მძიმე სანახავია, როცა ის ადამიანები ჩამწკრივებული მიბრძანდებიან არაფორმალურ მმართველთან, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ოპოზიციის ლიდერები არიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ლევან ხაბეიშვილი, რომელზეც ნიანგის ცრემლებს ვერ გადმოვყრი, მაგრამ თუ ის ამ გამოწვევის წინაშე დადგება, მისი პოლიტიკური ასპარეზის დასასრული აქვე გაჩნდება. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის ლარნაკაში ყოფნის თაობაზე ინფორმაციას, გიორგი ვაშაძე ბევრ რამეზეა წამსვლელი. მათ შორის შეიძლება, მას საქართველო მწვანე საზღვრით გადაეკვეთა და ისე გამგზავრებულიყო, თუ ამას მათი დამფინანსებელი ეტყოდა. ამ ადამიანებს ისე უყვართ ფული, რომ ფულისთვის ყველანაირი ხერხით შეიძლება მოხვდნენ იქ, სადაც ალბათ, ამ ადამიანებისაც და დაშლილი „ნაცმოძრაობის ბედი წყდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.