სერგი კაპანაძე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც მედასავლეთეს მანტია აქვს მორგებული, არ შეიძლება აყენებდეს ულტიმატუმებსა და პირობებს საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძის სტატიას, ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე, საქართველოში მიმდინარე სატელეფონო კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
„სერგი კაპანაძე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელსაც მედასავლეთეს მანტია ჰქონდეს მორგებული, არ შეიძლება აყენებდეს ულტიმატუმებსა და პირობებს საკუთარი სახელმწიფოს მიმართ. შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა დამნაშავე, რომელიც სამართლიანად იხდის სასჯელს ციხეში, იყოს წინაპირობა იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
ასევე, მიუღებელია და სრული ნონსენსია, რომ ერთმანეთისგან გაყო, ხელისუფლება და მოქალაქეები. ხელისუფლება არის მოქალაქეების აზრის გამომხატველი. ჩვენს ხელისუფლებას აქვს მანდატი და ნდობა, რომელიც დაიმსახურა, მათ შორის, ინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების გამო. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ 12 რეკომენდაცია არ უნდა იყოს იმის საფუძველი, მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. ჩვენმა ქვეყანამ ათწლეულობის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მოწინავეა რეფორმების გატარების თვალსაზრისით, სამართლებრივი ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, ევროკავშირთან თანხვედრის უაღრესად მაღალი ხარისხი აქვს და ასევე, მაღალი შედეგები ნებისმიერ სახელმწიფოსთან შედარებით, რომელიც დღეს კანდიდატის სტატუსით სარგებლობს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
„იმედის კვირას“ ხელში ჩაუვარდა სოციოლოგიურ გამოკითხვად შეფუთული პოლიტიკური გზავნილები, რომელთა შინაარსი, ფაქტობრივად, საველე სამუშაოების დასრულებამდე გახდა ცნობილი. საუბარია CRRC-ის (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის) სატელეფონო გამოკითხვაზე. კონკრეტულად რას ეხება აღნიშნული კვლევა და რაზე მიუთითებს სრულიად პოლიტიზებული სატელეფონო კითხვები, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეციალურ რეპორტაჟში.
მანამდე, EURACTIV-ში „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით სტატია გამოქვეყნდა, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.