პოლიტიკოსები საქართველოს მიერ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის როლის შესრულებაზე ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე მიიჩნევს, რომ მშვიდობა რეგიონში სამივე ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მშვიდობას ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა ხელს მისცემს რეგიონის განვითარებას, სამივე ქვეყნის განვითარებას. როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ჩვენ მივესალმებით.
ვფიქრობთ, რომ პროექტების მიმართულებით საქმიანობა არის გასაგრძელებელი, მასშტაბები არის გასაზრდელი, იმიტომ რომ დღეს ჩვენს რეგიონში შექმნილი ვითარება ჩვენს ქვეყანას აძლევს არნახულ შესაძლებლობას“, - აცხადებს კირკიტაძე.