ლიბანის პრემიერი: ლიბანს ისრაელთან ომში ჩართვა არ სურს

ლიბანის პრემიერი: ლიბანს ისრაელთან ომში ჩართვა არ სურს

ლიბანს არ სურს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩაითრიონ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატიმ განაცხადა. მის კომენტარს CNN-ი ავრცელებს.

„ჩვენ არ გვინდა ლიბანი მიმდინარე ომში ჩაერთოს და ამისკენ ვისწრაფვით. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა მიკატიმ.

როგორც CNN-ი განმარტავს, ლიბანი და ისრაელი მტრულ სახელმწიფოებად ითვლებიან, მაგრამ 2006 წლიდან მათ შორის ზავი მოქმედებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან, ლიბანიდან ისრაელში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი გადავიდა, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ისინი მოკლეს.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.