პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებას, რომელიც პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრას ითვალისწინებს, დაჩქარებული წესით არ განიხილავენ.
„დაჩქარებული წესით არ ხდება მისი განხილვა. მისი მიღება მოხდება კარგა ხნის შემდეგ, როდესაც გადაწყდება იმპიჩმენტის საკითხი - ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სინამდვილეში, ეს დაკავშირებულია იმ ცვლილებებთან, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება პარლამენტის რეგლამენტში გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პროცედურების დასახვეწად.
ინიცირების იდეა არის შემდეგი - ის, რაც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, როგორც ფარული კენჭისყრა, მხოლოდ მასზე იყოს ფარული კენჭისყრა და ეს არის ერთადერთი კენჭისყრა, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი კენჭისყრები იყოს ღია, რათა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კვირის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურები საკანონმდებლო ორგანოში.
პარალელურად, კომენტარები კეთდება რეგლამენტის პროექტზე, რომლის მიხედვითაც იმპიჩმენტის წესით, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე, პარლამენტი გადაწყვეტილებას ფარულის ნაცვლად ღია კენჭისყრის საფუძველზე მიიღებს. ეს ცვლილება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს არ უკავშირდება, რადგან პროექტის დამტკიცება ვერ მოესწრება.