ბევრი კვლევაა, რომელიც CRRC-მა ჩაატარა და რეალობასაა აცდენილი. ახლა, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ძალიან სახიფათო კვლევასთან აქვთ საქმე. როგორც გავიგეთ, სატელეფონო კვლევა ორგანიზაცია „ზინკის“ დაკვეთით ტარდება. ეს ის ორგანიზაცია, რომელიც ვითომ, დეზინფორმაციას ებრძვის, სინამდვილეში, საქართველოში ახლაც მიმდინარეობს მანიპულაციური კამპანია ევროკავშირთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, სატელეფონო გამოკითხვებთან დაკავშირებით სკანდალი გამჟღავნდა.
„პირდაპირ ჩანს, კითხვებით ხდება შემზადება და ტესტირება, რამდენად არის მზად გარემო იმისთვის, რომ მოხდეს არეულობა, მათ შორის ძალადობა. ამით იკვრება სურათი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ერთი მხრივ, ხდება ტრენინგების ჩატარება, სადაც ისეთ სიტყვებთან შეგუება ხდება, როგორიც არის რევოლუცია, ჩამოშლა, იარაღის აწყობა-დაშლა. ამ ყველაფერზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ახალგაზრდების სამოქალაქო განათლება. სინამდვილეში ეს არის შეგუება რადიკალიზმთან, რათა საქმე-საქმეზე რომ მიდგება, როგორც კი ამის სიგნალი იქნება, არავინ მოერიდოს იმას, რომ „მოლოტოვის კოქტეილს“ მოკიდონ ხელი (ამიტომაც არის, უცხოური დაფინანსების რამდენიმე „ენჯეო“ პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებას ახდენს), ესროლონ ადამიანს და ცოცხლად დაწვა სცადონ. მეორე მხრივ, ვხედავთ, სწავლობს ველს, რამდენად შეიძლება ეს ველი სათანადო იყოს.
ვნახეთ, CRRC გაემიჯნა ამ კვლევას, ესეც საინტერესო მოვლენაა. ბევრი კვლევაა ჩატარებული, რომელსაც CRRC ატარებს და რეალობასაა აცდენილი და ახლა, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ძალიან სახიფათო კვლევასთან აქვთ საქმე. როგორც გავიგეთ, კვლევა ორგანიზაცია „ზინკის“ დაკვეთით ტარდება. ეს ის ორგანიზაცია, რომელიც ვითომ, დეზინფორმაციას ებრძვის, სინამდვილეში, საქართველოში ახლაც მიმდინარეობს მანიპულაციური კამპანია ევროკავშირთან დაკავშირებით, სახელწოდებით „ახლა“. ისინი მანიპულაციურად წარმოაჩენენ, თითქოს, საკითხი ევროკავშირის კანდიდატობასთან იყოს დაკავშირებული. საინტერესო ის არის, რომ ის ფინანსდება არა ევროკავშირის მხრიდან, არამედ რომელიღაც ამერიკული ფონდებიდან. მოვიკითხე, საიდან ფინანსდებოდა და ევროკავშირისგან მივიღეთ პასუხი, რომ ისინი არ აფინანსებენ. ისეთ მანიპულაციურ კამპანიებში, სადაც ხდება საკითხების გაზვიადება და არარეალისტური მოლოდინების შექმნა, ასეთ კამპანიას ევროკავშირი არ აფინანსებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„იმედის კვირას“ ხელში ჩაუვარდა სოციოლოგიურ გამოკითხვად შეფუთული პოლიტიკური გზავნილები, რომელთა შინაარსი, ფაქტობრივად, საველე სამუშაოების დასრულებამდე გახდა ცნობილი. საუბარია CRRC-ის (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის) სატელეფონო გამოკითხვაზე. კონკრეტულად რას ეხება აღნიშნული კვლევა და რაზე მიუთითებს სრულიად პოლიტიზებული სატელეფონო კითხვები, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეციალურ რეპორტაჟში.