რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მზად ვართ გავააქტიუროთ დიპლომატიური ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის აღსადგენად

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მზად ვართ გავააქტიუროთ დიპლომატიური ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის აღსადგენად

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მისი ქვეყანა მზადაა დახმარება გაწიოს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის შეჩერებაში. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

„მზად ვართ გავააქტიუროთ დიპლომატიური ძალისხმევა სიმშვიდის აღსადგენად. ვიწვევთ ყველა აქტორს, ვისაც სიტყვა ეთქმის რეგიონში, გულწრფელი წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარებაში“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში ეკლესიის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „სოლიდარობას უცხადებს პალესტინელ ძმებს“, თუმცა იაზრებს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რეგიონში დაძაბულობას ზრდის, მეტ სისხლისღვრას გამოიწვეს და გააღრმავებს პრობლემებს, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.