„ჰამასის“ სამხედრო სპიკერი: ღაზაში აყვანილი მძევლების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ნეთანიაჰუ ფიქრობს

„ჰამასის“ სამხედრო სპიკერი: ღაზაში აყვანილი მძევლების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ნეთანიაჰუ ფიქრობს

ღაზაში აყვანილი მძევლების რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ნეთანიაჰუ ფიქრობს, – ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ ტელევიზიისთვის გაკეთებულ განცხადებაში ტერორისტული ჯგუფის სამხედრო სპიკერი აბუ უბაიდა აცხადებს.

მისი თქმით, „ჰამასის“ წევრებს მძევლები სხვადასხვა ადგილას ჰყავთ დაკავებული.

„სადაც არ უნდა დაესხან თავს ღაზას სექტორის მოსახლეობას, თავდასხმის ქვეშ მოყვებიან მძევლებიც“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით „ჰამასი“ გააგრძელებს მიმდინარე ოპერაციას ყველა ფრონტზე. აბუ უბაიდა ისრაელს მოუწოდებს, არ გააკეთოს „არასწორი გათვლები.“

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.