მე მაინც მგონია, რომ ამ საკონსტიტუციო დავის გამოხმაურებაა ეს უფრო, შემდეგ იტყვის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო და ახლა პარლამენტმა მიითვისა და ამაზე რას იტყვით, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.
„კონსტიტუციის 46-ე მუხლი აწესრიგებს ამას. მახსოვს, რომ ათი დღის ვადაში მიღებული კანონი პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. მე მაინც მგონია, რომ ამ საკონსტიტუციო დავის გამოხმაურებაა ეს უფრო, შემდეგ იტყვის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო და ახლა პარლამენტმა მიითვისა და ამაზე რას იტყვით.
რაღაცა წიაღსვლები უნდა საკონსტიტუციომ გააკეთოს და მერე გვითხრას, რომ აი, როგორც ეს არ არის პარლამენტის უფლებამოსილება, ისე არ არის საგარეო ურთიერთობები პრეზიდენტის უფლებამოსილება“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.