გიჟები მიდიან

გიჟები მიდიან

კაცმა რომ თქვას, 23 კანდიდატი არც ისე ბევრია, მით უმეტეს, რომ თავიდან სულაც 52  თუ 54 იყო. ვიღაცას, შესაძლოა, მოეჩვენოს, რომ ბევრია და იქნებ აღნიშნოს კიდეც, რა ამბავიაო, მაგრამ გარწმუნებთ - სულაც არ არის ბევრი. ერთი, ორი ან სამი ნული რომ მიგვეწერა, მაშინაც ცოტა იქნებოდა, აი ოთხი ნულით - ნორმალური, ხოლო ხუთი ნულით - სულ მთლად გადასარევი, რადგან 23 და ხუთი ნული, ანუ ორი მილიონ სამასი ათასი, იქნებოდა ყველაზე ლოგიკური, რადგან ამომრჩეველი არის დაახლოებით მაგდენი, და რომ იტყვიან ხოლმე, ყველა ქართველს პრეზიდენტობა სურსო, ეგ არის ტყუილი. ყველას - არა, დაახლოებით ყველას. ამ ფონზე კი, 54 არც ისე ბევრია, ხოლო 23 - ძალიან ცოტა.

„ია-23 კვლავ ხაზზეა“ - 70-იანი წლების იმ ცნობილი პოლონური სერიალიდან მხოლოდ ეს დამამახსოვრდა და კიდევ ეს: „თქვენ იდიოტი ხართ, კლოს“.

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ზუსტად ოცდასამია ხაზზე, მათგან მხოლოდ ოთხზე თუ იტყვი, რომ გასაგები მიზანი და კონკრეტული ამოცანა აქვთ, დანარჩენები კი... მიზნები და ამოცანები მათაც აქვთ, თუმცა რამდენად გასაგები და რამდენად კონკრეტული, საკითხავი აი ეს არის. ლამისაა, ჰამლეტივით დავჯდე და თავის ქალას ველაპარაკო.

ჩემთვის კონკრეტულ კანდიდატთა ჩამონათვალი ასეთია:

გიორგი მარგველაშვილი - მას უნდა, რომ გაგრძელდეს ის, რაც ერთი წლის წინ დაიწყო და დასრულდეს ის, რაც უკვე 23 წელია გრძელდება. გასაგებია, რაც უნდა გაგრძელდეს, დასრულებით კი, უნდა დასრულდეს ქარიზმატული გიჟების ეპოქა. საქართველოს წესიერი, ზრდილობიანი, განათლებული, საქმიანი და ოჯახში გაზრდილი პრეზიდენტი ჭირდება, ისეთი - ამდენ უბედურებაში ბრალი და წვლილი რომ არ მიუძღვის.

ნინო ბურჯანაძე - მას რევანშის წყურვილი ამოძრავებს. რამდენჯერმე გადააგდეს და საშუალება რომ ქონდეს, თავის გადამგდებებს ისე მოისროდა, როგორც აბელ არავიძე ისვრის ვარლამ არავიძეს. მგონი, არ უნდა იყოს ცუდი შედარება, მაგრამ არის ამაში რაღაც ქარიზმატული და ცოტათი გიჟურიც. ნინო ბურჯანაძეს ილუზიები არ აწუხებს, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება.

დავით ბაქრაძე - მასში არც ქარიზმაა და არც სიგიჟე, თუმცა იგი მეორე უკიდურესობაა. როცა შენი საძმაკაცო-სათანამზრახველოს ოჯახები ქვეყნიდან გასაქცევად ემზადებიან, ხოლო შენ, დაბნეული და შეშინებული, ხალხს მოუწოდებ, კოვზებით აღიჭურვეთ და ჩანგლებით შეიარაღდითო... ვინ ხარ შენ, აბელ არავიძევ? ბაქრაძის მიზანი გასაგებია - დარჩეს პოლიტიკაში. გასაგებია მისი ამოცანაც - პოლიტიკაში დარჩეს დიდი ხნით, რათა ის, ვინც მაშინ მას დაუჯერა და მტერზე კოვზით გაიწია, როგორც კი ამის შანსი მიეცემა, ცივი იარაღის ტარებისთვის დაიჭიროს. აქაც რევანშის სუნი მცემს. ბაქრაძეს პოლიტიკაში დარჩენა სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ილუზიებით არის შეწუხებული.

ხარატიშვილი ეროვნულ მოძრაობაში გავიცანი, სტუდენტები მეტროს გადასასვლელში ეროვნული მოძრაობის გაზეთებს ვარიგებდით, კომუნისტებს ვებრძოდით. ხარატიშვილს პოლიტიკაში მოსვლა სურს.

რაღაც, ძალიან დავსერიოზულდი... არ მახასიათებს, მაგრამ ეს - მათ ჯინაზე, რომლებიც, პირს რომ გააღებენ, თითქოს ეს არის და, ახლა მეტყვიან: „თქვენ იდიოტი ხართ, კლოს“.

რატომ ვარ იდიოტი? ქართლოს ღარიბაშვილის არსებობა რომ დამავიწყდა, იმიტომ?! თუ, იქნებ, იმიტომ, აკაკი ასათიანის მაკვარანცხობები რომ არ მავიწყდება?! თუ იმიტომ, თეიმურაზ ბობოხიძისა და თეიმურაზ მჟავიას შესახებ არაფერი რომ არ მსმენია და მამუკა ჭოხონელიძისა და მამუკა მელიქიშვილის შესახებ რომ არაფერი ვიცი?! ვინ არიან ნუგზარ ავალიანი და თამაზ ბიბილური? საიდან მოვიდა გიორგი ჩიხლაძე, სად მიდის გიორგი ჩიხლაძე, სად არის ნესტან კირთაძე, სად ბანაობს სერგო ჯავახაძე და, ბოლო-ბოლო, რა უნდა ავთანდილ მარგიანს?

მიხეილ სალუაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში ლითონის კონსტრუქციებს ასწავლიდა - ეს ზუსტად ვიცი, მე მასწავლიდა. რას სწავლობდნენ და ვისთვის რა უნდა ესწავლებინათ ლევან ჩაჩუას და ნინო ჭანიშვილს? იქნებ - ასწავლეს, იქნებ - ახლაც ასწავლიან, შესაძლოა - ისტორიას, მაგრამ ისტორიის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ისტორიის გაკვეთილებს არავინ ითვალისწინებს, ისტორიის მასწავლებლებიც კი.

ვიცი, რომ ერთ-ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, რომლის გვარიც „დ“-ზე იწყება და „ავითაშვილზე“ მთავრდება, ზომაზე მეტად უყვარს შამფურზე შემწვარი ზუთხი...

ვიცი, რომ ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში და პოლიტიკიდან ჟურნალისტიკაში მოხეტიალე ერთი ფორვარდი მუდმივად მოედნის ცენტრში დგას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცენტრისტია (როგორც თავად ირწმუნება), არამედ იმიტომ, რომ ელოდება, საიდან საით დაუბერავს ხეირის ქარი. აი, ეგრე დგას და ამბობს, რომ თერთმეტმეტრიანს ათ თეთრად გაიტანს, ცხრიანში ხუთ თეთრად შეაგდებს, ხოლო საგოლე პასებს უფასოდ დაარიგებს. ამბობს, ამირჩიეთ და ერთსქესიან ქორწინებას ვერავინ დააკანონებსო, თუმცა მისი პოლიტიკური და ჟურნალისტური კარიერა, სწორედაც რომ ერთსქესიანი ქორწინების განსაკუთრებული მაგალითია.

ჰო, კოლმეურნეობის თავმჯდომარე და უგოლო ფორვარდი ნამდვილად აცდებიან ნულპროცენტიან ბარიერს და იქნებ ერთპროცენტიანიც მოიტოვონ უკან, მაგრამ, ერთი ჭკვიანი კაცის თქმისა არ იყოს, ხმები არ უნდა ითვლებოდეს, უნდა იწონებოდეს.

ხოლო ისინი, უცნობები, X-ადამიანები, იქნებ, ეგრეც დარჩნენ ოჯახის წევრებისა და კარის მეზობლების ხმათა ამარა, მაგრამ, როგორც ვხვდები, მეტზე პრეტენზია არც აქვთ. მათთვის მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება, იქნებ მომავლის ჭვრეტაც -მათი ამაყი შთამომავლები ხომ მათ პრეზიდენტობის კანდიდატად გაიხსენებენ!

იქნებ, მეგობრების რაოდენობა აინტერესებთ? ამ ვერსიაში არის რაციონალური მოლეკულა, მაგრამ როცა იქნება, ყველანი ხომ დავიხოცებით, ცხოვრება ხომ პანაშვიდზე მომსვლელი ხალხის მოგროვებაა და ეგრევე ხომ არ წავალთ იქ, სადაც გაგვზომავენ და შეგვაფასებენ? 40 დღე ხომ აქ უნდა ვიყოთ? ვიყოთ, დავთვალოთ და შევაფასოთ ისინიც და საკუთარი თავიც.

მე არა, მაგრამ ბარე ორს აუცილებლად მოეკითხება - ის როგორ იყო, ამდენი კანდიდატები რომ იყავით და თქვენს გამო უამრავი ხე რომ მოიჭრაო! რომელი ხეო - იკითხავენ ესენი... საარჩევნო ბიულეტენი ქაღალდზე იბეჭდება, ქაღალდის დასამზადებლად იჭრება ხე და, მე რომ მაწვალებ - მაწვალებ, მაგრამ შვილებს ტყე მაინც შეუნახე!

შალვააა... „ფული ბევრი გვაქვს, შალვააა“ - პატარა ვიყავი, მშობლებმა რუსთაველის თეატრში „კავკასიური ცარცის წრეზე რომ წამიყვანეს. საოცრება იყო... ბავშვი ვიყავი. მაშინ განსაკუთრებით ეს დამამახსოვრდა - „ფული ბევრი გვაქვს, შალვაა!!!“

პოლიტიკა ბინძური რამეაო, მაგრამ არც ისე ბინძურია, ერთ მავანთ-მავანს პოლიტიკოსობა რომ დავაბრალო.

არც შალვა იყო პოლიტიკოსი და არც ეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ იყო კაციჭამია დიქტატორი, როგორც შალვა აბრალებდა.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა - ქარიზმატული გიჟების ეპოქა სრულდებოდა.