პარტიების მხრიდან გლდანში მომხდარი ფაქტის ჩემზე მოკერება, ეს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობასა და აგრესიულ დამოკიდებულებას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოსა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, კონსტანტინე ზარნაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მან განმარტება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში მინდა ირაკლი ეძგვერაძეს გამოჯანმრთელება ვუსურვო. საკრებულოში დაპირისპირება არის ძალიან ხშირად, ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრები. სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე, მაგრამ არასდროს, არცერთი სხდომის შემდეგ ეს ქუჩაში არ გადანაცვლებულა და არ გასაულა საკრებულოს კედლებს გარეთ.
ირაკლის ჩართვას ტელევიზორში ვუყურე. რა სახელებსა და გვარებსაც თავად ასახელებს, მათთან ბავშვობის მეგობრობა აქვს. ბავშვობიდან მეგობრობენ და მეჯვარეობა, ნათელ-მირონობა აკავშირებს. ეს მარტივი გადასამოწმებელია. უბრალოდ, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ ფაქტის ჩემზე მოკერება, ეს პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობასა და აგრესიულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
გლდანში გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გლდანში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.