აშშ-ის ხელისუფლებამ პოლონეთისგან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ განცხადების განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ პენტაგონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, ოფიციალური ვარშავის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პოლონეთსა და უკრაინას შორის წარმოშობილ უთანხმოებას კიევის მხარდამჭერი კოალიციის ერთიანობაში ბზარები არ გაუჩენია.
როგორც Bloomberg-ს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, პოლონელი დიპლომატები პირად საუბრებში არწმუნებენ უცხოელ კოლეგებს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ მისი მასშტაბები შემცირდება.
21 სექტემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას ამჟამად არ გადასცემს სამხედრო დახმარებას, რადგან ის ორიენტირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე. ამის შემდეგ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა აღნიშნა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ სუვერენული გადაწყვეტილებაა.