საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არასწორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი რადიკალების მხრიდან - რა თქმა უნდა, ეს მათი მიზანმიმართული კამპანიისა და გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.
„პრეზიდენტი თავიდან ბოლომდე, გადასულია რადიკალების ჯგუფში - ის აბსოლუტურად გაემიჯნა ქართულ საზოგადოებას, იმ მილიონზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც 2018 წელს მას ორივე ტურში მხარი დაუჭირა. რაც მთავარია, პრეზიდენტმა, კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან ერთად, მთელ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ის ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, როდესაც მისი კონკრეტული მცდელობები იყო უნისონში რადიკალურ ოპოზიციასთან, რომ მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ჩამოშლილიყო და ქვეყანაში ფინანსური კრიზისი დამდგარიყო“, - აღნიშნა მიქანაძემ.
პრეზიდენტს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი ბრძანებულებაზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას გულისხმობს.
სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ გადაგზავნა მოითხოვა, რამდენიმე საათში კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დასკვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა. რატომ არ აწერს ამ დრომდე ხელს პრეზიდენტი ბრძანებულებას - საკითხზე დღეს პოლიტიკური განცხადებები კეთდება.