პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს, ეროვნული ბანკის საბჭოს კი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების გაუქმებას ურჩევს. ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განახცადა.
პრეზიდენტი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ნანობს, რადგან თურნავა ამ თანამდებობაზე პარლამენტმა მისი წარდგინებით აირჩია.
„სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. ასეთივე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ამგვარ მუქარას და დამოუკიდებლობაზე ხელის შეხებას. ეს ერთდროულად მიმაჩნია მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას ნათია თურნავას დანიშვნასთან დაკავშირებით და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება“, - აცხადებს პრეზიდენტი.
p. s. ეროვნული ბანკის გადამდგარი ვიცე-პრეზიდენტების ქცევაც ნიშანდობლივია, მიიღეს დავალება და ობსტრუქცია მოაწყვეს ქვეყნის წინააღმდეგ...