ახლა იგონებენ მესიჯს, რომელიც ყველას გააბრაზებს. მოიგონეს, რომ ყველას შეეხება [ეროვნული ბანკის გადაწყვეყტილება], ვისაც ბანკში კრედიტი ან ანგარიშები აქვს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვამხილოთ, რაშია საქმე: ისინი ზუსტად და აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ იმას, რაც მათ დაავალეს - არც ხაბეიშვილს, არც ვაშაძეს არავინ ეკითხება, რას იტყვიან, მათ ავალებენ: დღეს დაევალათ, რომ სიტუაცია აადუღონ. ისინი დილიდან ცდილობენ სიტუაციის არევას და ზუსტად იციან, რომ ამ მტრულ და მავნებლურ გეგმაში არავინ შეჰყვება. ახლა იგონებენ მესიჯს, რომელიც ყველას გააბრაზებს. მოიგონეს, რომ ყველას შეეხება, ვისაც ბანკში კრედიტი ან ანგარიშები აქვს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია. როდესაც ვერავინ ამბობს, როგორ შეიძლება განხორციელდეს, რომ თითქოს მოქალაქეებს შეეხებათ ეს თემა, წარმოუდგენელი ტყუილია“, - აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.