ამისთვის არსებობს მოქალაქეთა ინფორმირების აუცილებლობა, რომ მათ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ - არ მოატყუებინონ თავი არცერთ ისეთ ადამიანს, რომელიც სინამდვილეში არა ამ ქვეყნის პატრიოტიზმითაა შეპყრობილი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, აღნიშნული მასალების მიხედვით, რომელი უცხო ქვეყნის კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმებოდა დესტაბილიზაცია საქართველოში, სარჯველაძემ განაცხადა, რომ იმაზე მეტს ვერ იტყვის, რაც სუს-ის განცხადებაში იყო, თუმცა მას შესაბამისი ვარაუდები გააჩნია.
„ვარაუდები შესაძლოა მქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება იყოს ნაგულისხმები ასეთ სახელმწიფოთა შორის. თუ სადმე, რომელიმე სახელმწიფოში არსებობს ხელისუფლება, რომლისთვისაც საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება არ არის პრიორიტეტული და სხვა პრიორიტეტები არსებობს საქართველოსთან მიმართებაში, ასეთი ყველა შეიძლება იყოს ნავარაუდები.
რასაკვირველია, კონკრეტულად რომელ სახელმწიფოზეა საუბარი, ასეთ ინფორმაციას მე არ ვფლობ და აქედან გამომდინარე, ვერც ვიტყვი ამაზე მეტს. მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდები და უმჯობესია, თუნდაც ამ ვარაუდების დასახელებისგან თავი შეიკავო.
მთავარი ისაა, რომ რომელი სახელმწიფოც არ უნდა იყოს ამის მოსურნე, ამის დამფინანსებელი, რომ აქ პროცესები ცუდად განვითარდეს, რასაკვირველია, ამის შესაძლებლობა არცერთ სახელმწიფოს არ უნდა მიეცეს. ესაა საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ამისთვის არსებობს მოქალაქეთა ინფორმირების აუცილებლობა, რომ განსაკუთრებულ სიფრთხილე გამოიჩინონ ასეთი ტიპის აქტივობების დაგეგმვისას - არ მოატყუებინონ თავი არცერთ ისეთ ადამიანს, რომელიც სინამდვილეში არა ამ ქვეყნის პატრიოტიზმითაა შეპყრობილი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოტივებით. შესაძლოა, მიმავალი იყოს უფრო შორსაც - სახელდება ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“. რა ტერმინით მოვიხსენიებთ, ეს მეტად მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან მსურველები, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, მარტო იმ მოტივით, რომ ქვეყანამ შემდგომ რაღაც სამხედრო ავანტიურაში ამოყოს თავი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
სუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც გარკვეული პირების მიერ საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმაზეა საუბარი. „საქართველოში სამოქალაქო არეულობის მოწყობის გეგმის ავტორები არიან ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.