ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭებისთვის და ამავდროულად, არ ვმალავთ იმედგაცრუებას ევროპის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მადრიდის სენატში სიტყვით გამოვლისას განაცხადა.
„ჩვენი კონტინენტის შავ-თეთრად დაყოფა რომ მოგიწიოთ დღეს, სად განათავსებდით ქვეყანას, რომელსაც აქვს მკაფიო ევროპული იდენტობა და ევროპული მისწრაფებები, რასაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს?! ქვეყანას, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტია რუსეთის აგრესიას ებრძვის და რომლის ორი რეგიონი ჯერ კიდევ რუსეთის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული?! ქვეყანას, რომელმაც მოახერხა რეგიონში გამხდარიყო ლიდერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმების გატარებაში, კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლით ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი გარემო შექმნა და აქვს ეკონომიკური წინსვლა მიუხედავად უსაფრთხოების უზარმაზარი გამოწვევებისა?! ამ ურთულეს და არაპროგნოზირებად დროს, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებმაც მყარი საფუძველი უნდა შექმნან მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ევროპის უკეთესი მომავლისათვის - ჩვენი საერთო მომავლისთვის.
ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ. მეტიც, ხელისუფლება მტკიცედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც ევროპულ პერსპექტივასთან ერთად იქნა განსაზღვრული გასულ წელს. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭებისთვის და ამავდროულად, არ ვმალავთ იმედგაცრუებას ევროპის ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო.
უნდა გადაწყდეს, რა შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობის დასრულებამდე, ჩვენი ქვეყნების შეუქცევადი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და სამივე ასოცირებულ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება - არის ერთადერთი გზა ამ მიზნის მისაღწევად და ამისთვის თქვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.