სუსის ეს განცხადება დაწერილია „ფე ეს ბე“-ში და ჩამოსულია დავალება, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სუსის განცხადება ქვეყანაში არეულობის მომზადების შესახებ.
„ზუსტად რუსული ხელწერაა, რომ ფარცხალაძეზე და რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე არ იყოს საუბარი, რაღაც სისულელეებზე, ბოდვებზე იყოს საუბარი, ისევ და ისევ საქართველო დაუპირისპირონ ევროკავშირს, დაუპირისპირონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დატოვონ მარტო რუსეთის პირისპირ. ეს არის ამ განცხადების შინაარსი. ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი და გია ლორთქიფანიძე ყოფილა მტერი. სად არის ლოგიკა?“, - ამბობს ვაშაძე.
სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.