Associated Press: ლიბიაში შიშობენ, რომ ქარიშხლის შედეგად წყალდიდობას 2 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

Associated Press: ლიბიაში შიშობენ, რომ ქარიშხლის შედეგად წყალდიდობას 2 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიაში შიშობენ, რომ ქარიშხლის შედეგად წყალდიდობას 2 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

სატელეფონო ინტერვიუში აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ოსამა ჰამადმა განაცხადა, რომ ქალაქ დერნაში 2 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით დაკარგულად ითვლება. მისი თქმით, დერნა კატასტროფის ზონად გამოცხადდა.

ქარიშხალმა „დანიელმა“ გაანადგურა ათასობით შენობა სანაპირო ქალაქ დერნაში, დააზიანა სანაპიროზე მდებარე სხვა დასახლებებიც, მათ შორის, ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქი ბენღაზი.

თავის მხრივ, ქვეყნის აღმოსავლეთში შეიარაღებული ძალების სპიკერმა, აჰმედ ალ-მოსმარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დერნაში დაღუპულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. მისი თქმით, კატასტროფა ორი ახლომდებარე კაშხლის ჩამონგრევას უკავშირდება, რამაც მომაკვდინებელი წყალდიდობა გამოიწვია.