მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას დაკავება კანონიერი იყო, ჩნდება კითხვები, რისთვის გადადგა გახარია?

მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას დაკავება კანონიერი იყო, ჩნდება კითხვები, რისთვის გადადგა გახარია?

სამწუხაროდ, მაშინ ყველა ლაპარაკობდა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ვისაც მისი დაზიანება უნდოდა, არამედ ქვეყნის გარეთაც მოიძებნება ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც კი საუბრობდნენ იმაზე, რომ ნიკა მელიას დაკავება იყო პოლიტიკური და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას დაკავება კანონიერი იყო დაყველა ფორმალური თუ სხვა მხარე იყო გამართული.

„თვეების განმავლობაში ადამიანებს რომ ტვინში ზოგიერთმა ტელევიზიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, პოლიტიკოსმა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ტვინში უჭედეს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება, სტრასბურგმა ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დაკავება და დაკავება იყო კანონიერი, დაწყებული მოტივიდან, დამთავრებული მის ფორმალურ მხარემდე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა კითხვები გვაქვს, რისთვის გადადგა გახარია, როდესაც ყველაფერი თურმე კანონიერი ყოფილა. თითქოს რაღაც ესკალაციას რომ გამოიწვევდა მელიას დაკავება, სინამდვილეში ამის შესამცირებლად კი არა, გასაღვივებლად გადამდგარა. ანუ, ჩვენ რომ ვიძახდით, უღალატა ამ კაცმა თავის გუნდს, დღეს რომ დადის იქ, მერე იმალება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე რომ ლაპარაკობენ და, პარალელურად, ეს რომ ჩნდება ასეთ შეხვედრებზე, შემდეგ კი უარყოფს, უბრალოდ, ყავის დასალევად ვიყავითო, ვინმე წარმოიდგენდა, რომ გიორგი გახარია გაბედავდა, იფიქრებდა, ან დაუშვებდა, ან იკადრებდა ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე საუბარს? ან ასეთ შეხვედრაზე მისვლას, ან საერთოდ იქ გავლას? ხომ ვერ იფიქრებდა ამას, მაგრამ იკადრეს, იფიქრეს, ყველაფერი გააკეთეს და დღეს გვაქვს ეს მოცემულობა, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ მსოფლიოში თქვა, რომ ტყუილია მისი პოლიტიკური დაკავება. სიმართლეა, რომ ის იყო დასაკავებელი და დააკავეს. ყველა ფორმალური და სხვა მხარე იყო გამართული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გუშინ გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - სასამართლომ საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა მელიას საქმეზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კვლავ გაჩნდა კითხვები მისი თანამდებობიდან გადადგომის მართებულობაზე. გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს.