მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკსა და EBRD-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკსა და EBRD-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისკენ მიმართული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

შესაბამისად, საქართველოს ბანკისა და EBRD-ის მიზანია, ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებში სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას, ცოდნის გაზიარებას, ბიზნეს პროცესების გაციფრულებას, მდგრად, მწვანე და ინკლუზიურ განვითარებას. ამისათვის კი მხარეები ერთად იმუშავებენ ბიზნესებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის, მცირე და საშუალო ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობაზე როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკისა და EBRD-ის ინიციატივით, პირველ ეტაპზე შეიქმნება ონლაინ ბიზნეს კურსები, რომლებიც ნებისმიერი მსურველისთვის ციფრულად, ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი. კურსის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ცოდნა ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ბრენდინგი, ციფრული ოპერაციები, ციფრული გაყიდვები და სხვა.

 „საქართველოს ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჩვენ შორის გაფორმებული მემორანდუმი არის შესაძლებლობა, ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელოთ კიდევ უფრო მეტი ახალი ინიციატივა, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლების განვითარებას, მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და რაც მთავარია, ბიზნეს პროცესებში ახალი, ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ერთად შევქმნით განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.