2023 წლის ზაფხული ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა

2023 წლის ზაფხული ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა

2023 წლის ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ მსოფლიოში 16,77 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ნორმაზე 0,66 გრადუსით მაღალია. მონაცემებს ევროპის კლიმატის ცვლილების კონტროლის სამსახური „კოპერნიკი“ აქვეყნებს.

ახალი მონაცემების თანახმად, წლევანდელი ზაფხული მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.

აგვისტოში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ ამ თვის რეკორდს 0,31 გრადუსით გადააჭარბა, თუმცა წლის ყველაზე ცხელი თვე ივლისი გახდა. ამასთან, მეცნიერებმა დააფიქსირეს ანომალიურად მაღალი ტემპერატურა ოკეანეებში, სადაც წყლის ზედაპირი საშუალოდ 20,98 გრადუსამდე გათბა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ტემპერატურის მატებას ნალექის რაოდენობაზეც ჰქონდა გავლენა. ამგვარად, დასავლეთ ევროპის, აშშ-ის, აზიის, ჩილეს, ბრაზილიის, თურქეთისა და ავსტრალიის დიდ ნაწილებში ნალექის რაოდენობამ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა. სკანდინავიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, კანადასა და აშშ-ის სამხრეთში კი ზაფხული უჩვეულოდ მშრალი აღმოჩნდა, რამაც ტყის მასობრივი ხანძრები გამოიწვია.

„კოპერნიკში“ აცხადებენ, რომ დღეისათვის 2023 წელი მეტეოდაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელ, 2016 წელს სულ რაღაც 0,01 გრადუსით ჩამორჩება, თუმცა, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდება.