კახა კალაძე: წინასწარი მონაცემებით, წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას

კახა კალაძე: წინასწარი მონაცემებით, წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას

კახა კალაძის თქმით, წინასწარი მონაცემებით, გუშინ თბილისში მოსული ნალექის რაოდენობა 2015 წლის 13 ივნისის მონაცემებს ორჯერ მეტად აღემატება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც იცით, გუშინ ღამე თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში, კონკრეტულ უბნებში არაერთი პრობლემა შექმნა. მე გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. ჩვენ რა თქმა უნდა სრულიად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რადგან როდესაც ამინდი იცვლება, მაშინვე ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა გამგეობების, შესაბამისი სამსახურების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამჯერადაც ჩვენი მხრიდან რეაგირება იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია და სხვადასხვა უბანში შექმნა გარკვეული პრობლემები“, - განაცხადა კალაძემ.